მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვცდილობთ, გავიმეოროთ 1937 წელი... ამით კანონმდებლობაში დასმენას ვაკანონებთ - ნინო ჩხობაძე "რუსულ კანონზე"

ჩხობაძე

ჩვენ ვაკანონებთ საქართველოს კანონმდებლობაში სიტყვა დასმენას - ასე შეაფასა ე.წ რუსული კანონის მერვე მუხლი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ.

პარლამენტი, დღეს "რუსულ კანონს" იურიდიულ საქმეთა კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილავს.

ნინო ჩხობაძის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველად კანონდება დასმენა, რაც 1937 წლის დაბრუნებას ნიშნავს.

"პირველად არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომ ჩვენ, ამ მუხლით ვცდილობთ, დავაკანონოთ დასმენა. პირდაპირ ვამბობ ამ სიტყვას, რადგან სხვანაირად ეს მუხლი არ იკითხება. ჩვენ, ვცდილობთ, გავიმეოროთ გასული საუკუნის შეცდომები, 1937 წელი. ჩემდა სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია იქნება ძალიან პრობლემური, არა მხოლოდ ორგანიზაციებისთვის, ყველასთვის. შეიძლება, გახდეს პრობლემატური ფიზიკური პირებისთვისაც, ვინც ექსპერტებად იქნებიან დაქირავებული ჩვენნაირი ტიპის ორგანიზაციებში. ამიტომ, პირდაპირ ვამბობ, რომ მოვისურვებდი, არ ყოფილიყო ეს დასმენის მუხლი, რადგან საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე ძალიან მძიმე ასოციაციას იწვევს. ჩემს ოჯახსაც შეეხო 37 წლის რეპრესიები და პირდაპირ ვამბობ, თუ ეს მუხლი დარჩება განმეორდება.

აქ, სხვანაირად უნდა იყოს ჩანაწერი, ან საერთოდ არ უნდა იყოს. ან მკაფიოდ უნდა იყოს ჩანაწერი სამინისტროს დისკრეცია. სხვაგვარად ჩვენ, ვაკანონებთ საქართველოს კანონმდებლობაში სიტყვა დასმენას", - განაცხადა ჩხობაძემ.

შეგახსენებთ, იურიდიულ კომიტეტზე განხილვის შემდეგ, მმართველი პარტია "რუსულ კანონს" ხვალ მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.

რაც შეეხება გარემოს დამცველის მიერ ე.წ. გამჭირვალობის რუსული კანონის ხსენებულ მე-8 მუხლს. ის, მონიტორინგს ეხება.

  1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა - მონიტორინგი (შემდგომ - მონიტორინგი).
  2. მონიტორინგის დაწყების საფუძველია:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას.

  1. მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი.
  2. ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია 6 თვეში მხოლოდ ერთხელ.
  3. თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე არეგისტრირებს აღნიშნულ სუბიექტს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად, რაც ამ სუბიექტს არ ათავისუფლებს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარუდგინოს სააგენტოს განაცხადი.
  4. მონიტორინგის წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები