მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous-ი თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პირებზე ინფორმაციის გამოაშკარავებას გამოიწვევს - ამის შესახებ ჯგუფი X (Twitter)-ის პლატფორმაზე წერს.
“საქართველოში აქციის მონაწილეებო, თქვენი თხოვნა შევისმინეთ. თქვენ მარტო არ ხართ, Anonymous-ის წევრები თქვენთან ერთად არიან და დაგეხმარებიან, დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში!
ქართველო პოლიციელებო: აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს თქვენი მთავრობის ოფიციალური პირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. მოვიპოვებთ წვდომას თქვენს მონაცემთა ბაზებსა და ელექტრონულ ფოსტაზე და მასალებს ინტერნეტში განვათავსებთ. ეს არის თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილება.
რაც შეეხება “ოცნების პარტიას”, რომელსაც ზურგს რუსეთი უმაგრებს, დაიმახსოვრეთ, საქართველო არ არის რუსეთი და არც არასდროს იქნება!
დაგველოდეთ”,- წერს Anonymous.
ჰაკერული დაჯგუფება Anonymous რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან აქტიურად მონაწილეობდა რუსულ ციფრულ ბაზებზე თავდასხმაში, მათვე გათიშეს რუსეთის სახელმწიფო ნავთობკორპორაცია “გაზპრომის” ვებგვერდი და Russia Today.
Anonymous სრულად დეცენტრალიზებულია და მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ჰაკერს, აქტივისტსა და ჟურნალისტს აერთიანებს.