საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ენდრიუ ჯუელი, სახელმწიფო საწარმოების (SOE) მფლობელობისა და კორპორაციული მართვის გაძლიერებას ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს.
კითხვა - წავიდა თუ არა საერთაშორისო სავალუტო ფონდი კომპრომისზე საქართველოს მთავრობასთან და დათმო თუ არა წლების მანძილზე მკაფიოდ გამოხატული აქცენტი სახელმწიფო საწარმოების დუალური მფლობელობის მთავარ გამოწვევაზე – ინტერესთა კონფლიქტზე – ენდრიუ ჯუელს მას შემდეგ დავუსვით, რაც ამ რამდენიმე დღის წინ, ფინანსთა მინისტრმა გიორგი კაკაურიძემ BMG-ის უთხრა, რომ „საწარმოების ფლობის ნაწილზე [სავალუტო ფონდს] შენიშვნები არ აქვს“.
საქმე ისაა, რომ გიორგი კაკაურიძის თქმით, საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი ჰქონდათ ფონდის მისიასთან და შეთანხმდნენ, რომ ფინანსური ზედამხედველობა არის ძირითადი ინსტრუმენტი, რომელიც ყველანაირ ფისკალურ რისკს აზღვევს. „შესაბამისად, უკვე ფლობა ვისი [რომელი სამინისტროსი] იქნება აქციონერის ფუნქციით, მეტწილად ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამიტომ ვაგრძელებთ სამ საწარმოში იგივე პრაქტიკით, სხვა საწარმოებში კი იქნება ის, რაც არის დღეს 100%-იანი ფლობის ნაწილი, ვისაც აქვს აქციონერის ფუნქცია. საბოლოოდ თუ შევჯერდებით და ვნახავთ, რომელი ვარიანტი უფრო უკეთესია უშუალოდ საწარმოსთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის, ის მოდელი იქნება საბოლოო ჯამში“ – გვითხრა გიორგი კაკაურიძემ.
2025 წლის ტექნიკური მხარდაჭერის ანგარიშში კი – „სახელმწიფო საწარმოების რეფორმა: პროგრესი, გამოწვევები და შემდეგი ნაბიჯები“ – ცალკეა გამოყოფილი ის რეკომენდაციები, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფო საწარმოების მფლობელობის და კორპორაციული მართვის გაუმჯობესებას ეხება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდს შემდეგი რეკომენდაციები აქვს:
- გადაიხედოს სახელმწიფო საწარმოების შესახებ კანონის პროექტი მფლობელობის პრინციპების განსამტკიცებლად, დაინტერესებულ მხარეებს შორის პასუხისმგებლობების მკაფიოდ გასამიჯნად, გამჭვირვალობის წესებისა და მფლობელობის ფუნქციის განსასაზღვრად.
- განახლდეს სახელმწიფო საწარმოების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, რათა მკაფიოდ ჩამოყალიბდეს სახელმწიფო მფლობელობის მიზნები, ინსტიტუციური როლები და რეფორმის პრიორიტეტების თანმიმდევრობა.
- შემუშავდეს და დაინერგოს რეგულაციები, რომლებიც მოაწესრიგებს სახელმწიფო საწარმოების საბჭოებისა და აღმასრულებელი მენეჯმენტის წევრთა შერჩევას, დანიშვნას, გათავისუფლებას, ანაზღაურებასა და საქმიანობის ეფექტიანობის მართვას.
- უმსხვილეს სახელმწიფო საწარმოებზე გავრცელდეს კორპორაციული მართვის კოდექსი ეტაპობრივი მიდგომით: 2026–2029 წლებში პრინციპით „შეასრულე ან განმარტე“ (apply or explain), ხოლო 2030 წლისთვის — სავალდებულო შესაბამისობით.
- განხორციელდეს ყოველწლიური მუშაობა კორპორაციული განზრახვის შესახებ განცხადებებზე (SCI) სახელმწიფო საწარმოებისა და მათი საბჭოებისთვის შეზღუდული რაოდენობის მიზნობრივი მაჩვენებლების დასადგენად; დაინერგოს სახელმწიფო საწარმოების საბჭოების საქმიანობის ყოველწლიური შეფასება და მათი რეგულარული მონიტორინგი.
- ჩატარდეს მსხვილი სახელმწიფო საწარმოების პორტფელის სრული ანალიზი არაპროფილური საქმიანობების გამოსავლენად, მათი შემდგომი ოპტიმიზაციის, შეწყვეტის ან სხვა უწყებებისთვის/კომპანიებისთვის გადაცემის მიზნით.
როგორც ენდრიუ ჯუელი ექსკლუზიურად „ანალიტიკა“–სთვის განმარტავს, დუალური მფლობელობის პილოტურმა პროექტმა სამ მსხვილ სახელმწიფო კომპანიაში – საქართველოს რკინიგზა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება – სახელმწიფო საწარმოების მართვის კუთხით ხელშესახები პროგრესი აჩვენა, შესაბამისად, შესაძლოა სხვა საწარმოებზეც გავრცელდეს. თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დასძენს, რომ ეს არ არის ერთადერთი გზა — არსებობს სხვა ალტერნატივებიც.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის ტექნიკური მხარდაჭერის ანგარიში კოორდინირებულ, დუალურ და ცენტრალიზებულ მოდელებს ადარებს ერთმანეთს. საინტერესოა, რომ მხოლოდ დუალური მოდელის შემთხვევაშია ხაზგასმული მკაფიოდ ინტერესთა კონფლიქტის გამოწვევა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის ლოგიკით, როცა დარგობრივი სამინისტრო ერთდროულად გამოდის აქციონერიც და მარეგულირებელიც, მმართველობის რისკები იზრდება – შესაბამისად, შეიძლება გაღრმავდეს სახელმწიფო საწარმოების კვაზი–ფისკალური მართვის პრაქტიკა და საწარმოები გახდნენ არა ეკონომიკური ზრდის კონტრიბუტორები, არამედ, პირიქით, ტვირთად დააწვნენ ეკონომიკას.
BMG-ისთვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში კი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რომ მმართველობითი საბჭოების გამართვა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სულ ბოლო ეტაპი იქნება: „როდესაც ყველა საწარმო სწორი მიმართულებით გაიმართება, საბჭოების როლიც უფრო მეტად გაიზრდება. დღეს სამეთვალყურეო საბჭოებში წევრები ძირითადად არიან სამინისტროებიდან. ეს პრაქტიკა გაგრძელდება მანამ, სანამ რეფორმა არ დასრულდება. რეფორმის ბოლო ეტაპი იქნება უკვე მეტწილად დამოუკიდებელი ბორდები. არცერთ ქვეყანაში არ არის, რომ სრულად დამოუკიდებელი წევრებისგან იყოს დაკომპლექტებული ბორდი, რადგან სახელმწიფო საწარმოებში სახელმწიფო ინტერესი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი“.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუელი გვეუბნება, რომ სავალუტო ფონდს პოზიცია არ შეუცვლია და არც კომპრომისზე წასულა: „ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ მთავრობას რეფორმების გატარებისკენ სახელმწიფო საწარმოების მფლობელობის გასაძლიერებლად“.
მაშინ რა შეიცვალა? – ამ კითხვაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს მოკლე პასუხი აქვს: „რაც შეიცვალა არის ის, რომ პროგრამა აღარ არსებობს და, შესაბამისად, ჩვენ აღარ გვაკისრია იმის შეფასება, შეასრულა თუ არა ხელისუფლებამ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებები“.
ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წელს შეუჩერა. პროგრამა აღარ გაგრძელებულა და მიმოხილვის გარეშე შეწყდა. ერთი მიზეზი მთავრობის მხრიდან სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა იყო.




























