მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკა, ანაკლია და FDI-ის რეალოკაცია - bm.ge-ის კითხვები და მინისტრის ზოგადი პასუხები

5eac26d46252e
ვიქტორია მღებრიშვილი
01.05.20 18:30
1523
"იაპონიის ენერგეტიკის გიგანტი TEPCO საქართველოში შემოვიდა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა BM.GE-ის იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც ენერგეტიკის სექტორის პოტენციალიდან გამომდინარე, ამ დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მთავრობის აქტივობას ეხებოდა. ნათია თურნავამ TEPCO-ს პროექტის დეტალებზე დღეს არ ისაუბრა, თუმცა როგორც მოგვიანებით ბიზნეს-რეესტრიდან გავარკვიეთ, იაპონურმა ენერგოგიგანტმა TEPCO Renewable Power-მა კომპანია "ფერისგან" ყაზბეგში მდებარე "დარიალის" ჰიდროელეტქროსადგურის 31.4%-იანი წილი შეიძინა და შესაძლოა, მინისტრმა სწორედ ეს გარიგება იგულისხმა.  

ცნობისთვის: TEPCO მსოფლიოში უმსხვილესი, იაპონური ელექტრონერგეტიკული ჰოლდინგია, რომელსაც აქვს  ფილიალები ვაშინგტონში, კოლუმბიასა და ლონდონში. 2019 წლის გაზაფხულზე ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ტოკიოში ვიზიტის დროს კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და მაშინ ითქვა, რომ იაპონური ჰოლდინგი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა.

თავის მხრივ, ნათია თურნავა ირწმუნება, რომ პანდემიის პერიოდშიც ხდება უცხოურ გიგანტებთან მოლაპარაკებების წარმოება და პარტნიორობის გაფორმება, თუმცა bm.ge-ის კითხვის მიუხედავად, მინისტრმა მხოლოდ 1 კომპანია დაასახელა. 

"პირველ რიგში, დავიწყებ ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკით და გლობალური კომპანიების ახალი გეგმებით, რომლითაც გვინდა, რომ ვისარგებლოთ და პრობლემა ვაქციოთ შესაძლებლობად. ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ აქამდე მსხვილ კომპანიებს საქართველო არ აინტერესებდათ, როგორც საინვესტიციო პლატფორმა. თქვენ იცით, რომ საკმაოდ მიმზიდველია ჩვენი ქვეყანა ამ თვალსაზრისით და გვქვს ძალიან ბევრი მაგალითი, როდესაც მსხვილი ბრენდირებული კომპანიები შემოდიოდნენ წინა წლებში მათ შორის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში. მე არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, მაგრამ ეს კომპანიები მრავლადაა. ამ პერიოდში, პრაქტიკულად, გლობალური ეკონომიკა შევიდა რეცესიაში და ბიზნეს აქტივობა არის ძალიან შეზღუდული, ასეთ ვითარებაშიც კი არ შეეშალა ხელი რამდენიმე მსხვილ პროექტს, რამდენიმე ინვესტორს, რომ ამ ვითარებაშიც მიეღო დადებითი გადაწყვეტილება და შემოსულიყო საქართველოში. სხვათა შორის ეს ენერგეტიკის დარგს ეხება, ენერგეტიკა არის პრიორიტეტი, TOP მიმზიდველი და იაპონიის ერთ-ერთი გიგანტი კომპანია TEPCO შემოვიდა ჩვენს ენერგეტიკაში", - განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება BM.GE-ის მეორე  და მესამე შეკითხვას, რომელიც საინვესტიციო პოლიტიკის ფარგლებში პოტენციური ინვესტორი კომპანიების და ამ პირობებში ანაკლიის პროექტის მიმართულებით არსებულ მოლოდინებს შეეხებოდა, მინისტრმა ანაკლიის პორტის პროექტზე აქცენტი გამოტოვა და ზოგადი პასუხით შემოიფარგლა. 

"მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კომპანიები ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს აზიურ ბაზრებზე, ბევრი მიზეზის გამო მათ შორის იაფი მუშახელის გამო, მაინც უნდა იფიქრონ, არამარტო ეკონომიკური რაციონალურობიდან გამომდინარე, არამედ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომ მათი ბიზნესები გეოგრაფიულად დაზღვეული იყოს. როდესაც კორონას გამო შეწყდა ტრადიციული კავშირები და ლოგისტიკა გაჩერდა, გააჩერდა ჩინური ეკონომიკა, ვიდრე არ მოერეოდა ვირუსს; პრაქტიკულად, ამან გამოიწვია გაჩერება გლობალურად ძალიან ბევრი წარმოების. ამიტომ ფიქრობენ ეს კომპანიები, რომ გააკეთონ დივერსიფიკაცია ბიზნესების ჩინეთი +1; +2; +3 კომბინაციით ანუ სამი ალტერნატიული საწარმოო პლატფორმა და ჩვენ ვიქნებით "ჩინეთი +1" ყველაფერში. მათ შორის, სწრაფად რომ დავძლიოთ ჩვენი ეპიდემია და გავხსნათ ბაზარი ახალი ინვესტიციებისთვის. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, არ მინდა, ნაადრევად გავაჟღეროთ... მერწმუნეთ, რომ იაპონური, სამხრეთ კორეული და გერმანული კომპანიები უკვე გამოთქვამენ სურვილს, რომ თავისი მიწოდების ჯაჭვის ნაწილი გადმოიტანონ საქართველოში. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რითი წავახალისოთ ასეთი კომპანიები და იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ჩვენი პოლიტიკური ნება, რამდენად გახსნილები ვართ და რამდენად დიდია ჩვენი სურვილი, რომ ნომერ პირველი არჩევანი ვიყოთ ჩვენ", - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები