მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკა ერთ-ერთი ის სფეროა, რომელსაც ინვესტიციების მოზიდვა რეალურად შეუძლია - სოსო ფხაკაძე

BAG

საქართველოს ხელისუფლების და ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების, “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” წარმომადგენლებს შორის დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელიც სრულად ენერგეტიკის სექტორში არსებული მდგომარეობის განხილვას დაეთმო. როგორც “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე ჟურნალისტებთან ამბობს, ამ ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ენერგეტიკა ერთ-ერთი ის სექტორია, რომელსაც მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა რეალურად შეუძლია.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მთლიანად ენერგეტიკის სექტორის განხილვას დაეთმო. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ის სექტორია, რომელშიც მსხვილი ინვესტიციები რეალურად შეიძლება შემოვიდეს. ამიტომაცაა, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სექტორში არსებულ სუბიექტებთან საუბარი რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი ფიქსირდება და ამ ტემპის შენარჩუნებაში ენერგეტიკა ძალიან დიდ როლს ასრულებს.

ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია სექტორში არსებულ გამოწვევებზე ხელისუფლებას პირდაპირ ვესაუბროთ, რასაც მუდმივად ვაკეთებთ. ენერგეტიკის განვითარების წამახალისებელი სქემები რამდენიმე წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, რამაც ამ სექტორში ინვესტიციების შემცირება გამოიწვია. ძალიან გვიხარია, რომ ბოლო წლებში, აღნიშნული სქემები განახლდა, რის შემდეგაც ორი აუქციონი ჩატარდა და სექტორში ბევრი ახალი ეკონომიკური სუბიექტი გაჩნდა.განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება გლობალური ტენდენციაა, მით უმეტეს ისეთ გარემოში, როცა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და საქართველო, ამ მხრივ, გამონაკლისი არ არის. ეკონომიკის მინისტრსა და მის გუნდს სექტორში არსებულ გამოწვევებზე ღიად ვესაუბრეთ”, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად რა გამოწვევებს ხედავს “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” პრეზიდენტი ენერგეტიკის სექტორში, სოსო ფხაკაძე მოსახლეობასთან კომუნიკაციას ასახელებს.

“ერთ-ერთ გამოწვევა, რომელიც სექტორში არსებობს - მოსახლეობასთან ურთიერთობაა და ამ მხრივ ისეთი მექანიზმები უნდა შევიმუშაოთ, რომლებიც ყველას დაარწმუნებს, რომ ენერგეტიკის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ეს სიკეთეს მოუტანს არა კონკრეტულ კომპანიას, არამედ საზოგადოებას და მთელ ქვეყანას. ამრიგად, მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია, რაზედაც დღესაც ვისაუბრეთ. ამ მხრივ, გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები არის საჭირო, რათა კანონმდებლობა მეტად დავხვეწოთ და ინვესტორებს ინვესტიციების განსახორციელებლად უკეთესი პირობები შევუქმნათ”, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები