Galt & Taggart-ის მოლოდინით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2035 წლისთვის 20 ტერავატ საათს მიაღწევს, რაც 2025 წელთან შედარებით 3.4%-იანი ზრდა იქნება. ქვეყნის წამყვანი საინვესტიციო ბანკის შეფასებით, მოთხოვნის ზრდას ძირითადად ეკონომიკური აქტივობა და ელექტრიფიკაცია განაპირობებს, მათ შორის კონდიციონერებისა და საოჯახო ტექნიკის უფრო ფართო გამოყენება და ელექტრომობილების რაოდენობის მატება.
Galt & Taggart-ის საბაზისო სცენარით, ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი დაჩქარდება, რის შედეგადაც საქართველოს დადგმული სიმძლავრე 2035 წლისთვის თითქმის 9 გეგავატს მიაღწევს. ამისთვის საჭირო იქნება $4.5 მლრდ-ის ინვესტიცია გენერაციის ობიექტებში და $1 მლრდ-ის ინვესტიცია ქსელის განვითარებაში. როგორც საინვესტიციო ბანკი პროგნოზირებს, ამ სცენარის შემთხვევაში საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი გახდება, ხოლო პროექტების შეფერხების შემთხვევაში იმპორტზე დამოკიდებულება გაღრმავდება.
ამავე შეფასებით, რეგიონული ვაჭრობის შესაძლებლობები ქვეყანათა შორისი ხაზების გამტარუნარიანობაზე, რეგიონულ გენერაციის მიქსზე, ელექტროენერგიის ფასებსა და ბაზრის წესებზე იქნება დამოკიდებული. ისტორიულად საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო, თუმცა დაგეგმილმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა შესაძლოა სავაჭრო შესაძლებლობები გააფართოოს. Galt & Taggart-ის მოლოდინია ასევე, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ევროპაში ექსპორტის ახალ გზას შექმნის და გააძლიერებს საქართველოს როლს რეგიონულ ელექტროენერგიით ვაჭრობაში.
საინტერესოა, Galt & Taggart-ის ანალიზი ენერგეტიკული პოლიტიკის ნაწილშიც – საინვესტიციო ბანკის შეფასებით, 2007-2026 წლებში განახლებადი ელექტროსადგურების 94% სახელმწიფოს მხრიდან წახალისების მექანიზმით აშენდა. 2017 წელს PPA-ს შეჩერებამ ინვესტორის ინტერესი შეანელა, ხოლო 2022 წლის ბოლოს CFD მექანიზმის ამოქმედებამ ინვესტორების ინტერესი კვლავ გააქტიურა.
სტუმარი: მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად


































