მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკაში EU-ის რეგულაციები და თამაშის წესები განჭვრეტადობას მოგვცემს - თორნიკე დარჯანია

თორნიკე დარჯანია

მზის ენერგიის ასოციაციის ხელმძღვანელის თორნიკე დარჯანიას შეფასებით, ევროკავშირთან საქართველოს ენერგეტიკული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან „ანალიტიკაში“ ენერგეტიკის სექტორის ევროკავშირთან დაახლოებაზე საუბრისას განაცხადა.

ის ამბობს, რომ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების თამაშის წესები და რეგულაციები ქართული ენერგეტიკის სექტორს უფრო განჭვრეტადს გახდის. თორნიკე დარჯანია მზის ენერგიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ განვითარებისთვის დარგს თავისუფალი ბაზარი სჭირდება.

„ჩვენ ევროკავშირს და ზოგადად ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას 2017 წლიდან დავუახლოვდით და ენერგეტიკული გაერთიანების წევრიც გავხდით. ამით ჩვენ მთელი რიგი ვალდებულებების შესრულება ვიკისრეთ. ეს ყველაფერი ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების, მომარაგების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, რომ ბაზარი იყოს თავისუფალი.

ევროკავშირზე როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ხშირად ისმის კითხვა - რატომ უნდა შევასრულოთ ეს? - პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ ვიცხოვროთ უკეთესად.

მაგალითისთვის, მზის ელექტროსადგურების ინტეგრირებასთან დაკავშირებით ბევრი გამოწვევაა და ბევრი რაღაცა გვაკლია. ვისურვებდით, რომ ევროკავშირთან დაახლოების კვალდაკვალ მივყვებოდეთ რეგულაციებს, ვიღებდეთ მხარდაჭერას და სისტემაც ევროპიდან იღებდეს მაგალითს. ეს ჩვენ განჭვრეტადობას მოგვცემს, იმიტომ რომ არაფერია იმაზე ცუდი, როდესაც რაღაც ახალი ტექნოლოგია შემოდის და ჩვენ ვიცით, რომ ევროპა ტექნოლოგიების თვალსაზრისით წამყვანია და ამ კუთხით ჩვენ ცოდნა არ გვაქვს ქვეყანაში. ეს რისკს ქმნის ინვესტორისთვის და ყველასთვის, რომ შეიძლება რაღაცა დაუგეგმავი მოხდეს. ანუ ზოგადად, ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ.

ენერგეტიკის დარგის წარმომადგენელი განახლებადი ენერგიების სექტორში საქართველოში მთავარ გამოწვევას შემნახველი სადგურებისა და დამაგროვებლების არარსებობა ასახელებს და ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ კუთხით მხარდაჭერას ვერ ხედავენ.

„ევროკავშირი პირველ რიგში წესებით თამაშს ითხოვს. ეს წესები არის თავისუფალი ბაზარი ყველასთვის, გამჭვირვალე თამაშის წესები, რაც საქართველოში ნაწილობრივ დაწყებულია, მაგრამ არ არის მიყვანილი იმ ეტაპამდე რა ეტაპამდეც გვინდა... - რაღაც ეტაპზე უნდა ავამოქმედოთ ენერგეტიკული ბირჟა და ეს თამაშის წესები უნდა იყოს ასე ვთქვათ ყველასთვის ღია და სამართლიანი - ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, რაც ჩვენ ავიღეთ ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით. ამ ვალდებულებას შემდგომ ახლავს ისეთი ვალდებულებები, როგორიც არის განახლებადი ენერგიების ხელშეწყობა. ჩვენ ვიცით, რომ ნეტო აღრიცხვის რეგულაცია გვქონდა. ამ ნეტო აღრიცხვის რეგულაციამ ხელი შეუწყო განახლებადი ენერგიების განვითარებას, რამდენიმე მიკროჰესიც აშენდა, ძირითადად მზის ენერგეტიკა განვითარდა და ქარის სადგურებიც გვაქვს რამდენიმე პატარა, თუმცა უმნიშვნელო. ამ კუთხით მუშაობა უნდა გაგრძელდეს იმიტომ, რომ ჩვენ ნეტო აღრიცხვას მოვრჩით, გადავედით ნეტო დარიცხვაზე, ნეტო დარიცხვის აუცილებელი კომპონენტი კი შემნახველი სადგურების ხელშეწყობაა. ამ მიმართულებით ვერანაირ ძვრას ვერ ვხედავთ, რომ ამ კუთხით რაიმე მხარდაჭერა არის სახელმწიფოს მხრიდან. რეკომენდაციებში კი პირდაპირ მითითებულია, რომ ხელი შეუწყვეთ ენერგიის შემნახველების და დამაგროვებლის განვითარებას, იმიტომ, რომ განახლებადი ენერგიების ყველაზე დიდი უარყოფითი მხარე არის ის, რომ მაშინ შეიძლება არ გვქონდეს, როდესაც გვინდა და გვჭირდება. ამ კუთხით აუცილებელი სამუშაო გვაქვ გასაწევი. ამას მოჰყვება შემდგომ უკვე ენერგოეფექტიანობის დანერგვა შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ინდივიდუალურ პირად მობილობაში“, - განმარტა თორნიკე დარჯანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები