მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგეტიკაში გამზადებული, ლანგარზე მორთმეული პროექტებია-ვეფხვაძე ეკონომიკის სტიმულირებაზე

5e8c8e969109c
დავით ჯალაღონია
08.04.20 10:15
1211
"როგორც კი გადავლახავთ ეპიდემიას, ეკონომიკის გაცოცხლება დაგვჭირდება და თუკი ჩვენ ახალი ტიპის პროექტების ძიებას, მინდორში სიარულს დავიწყებთ, ეს დროში გაიჭიმება და 2-3 წლით გადაიწევა", - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ BM.GE-სთან ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპებზე კორონავირუსის გავლენისა და პოსტკრიზისულ პერიოდში, ენერგეტიკის როლზე საუბრისას განაცხადა.

"ჩვენ უკვე გვაქვს ათეულობით გამზადებული პროექტი, რომელსაც გავლილი აქვს დასაბუთების ყველა აუცილებელი სტადია. ზოგან არის ადგილობრივ მოსახლეობასთან პრობლემა, ზოგან არის პრობლემა, რომელიც უკავშირდება PPA (გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები) არ ქონას. ეს თემები ძალიან მარტივად არის გადასაწყვეტი და ამ კუთხით მთავრობა აქტიური უნდა იყოს.

თუ ჩვენ ეკონომიკის გაცოცხლებას მშენებლობის კუთხით ვფიქრობთ, ერთ-ერთი ყველაზე გამზადებული, ლანგარზე მორთმეული პროექტებით შეგვიძლია, ეკონომიკა გავაცოცხლოთ, ადამიანები დავასაქმოთ და სამუშაო ადგილები შევქმნათ.

ცუდი აქ ის არის, რომ არ ვართ დარწმუნებული, ეს კრიზისი ენერგომოხმარებაზე როგორ იმოქმედებს, რადგან თუ უახლოესი ორი-სამი წელიწადი არ იქნება ისეთი, როგორიც 2019 წელი გვქონდა, შეიძლება ფინანსთა სამინისტროში გაუჩნდეთ მოსაზრება, რომ მაშინ რად გვინდა ამდენი ჰესი, რატომ ვაშენებთ, თუ ელექტროენერგიის მოხმარება არ გაიზრდება. მაგრამ ამ კრიზისმა აჩვენა, რომ როდის რა მოხდება - ვირუსი, მიწისძვრა, ძლიერი ქარიშხალი, თუ სხვა, რამაც აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ჩვენი ხაზები შეიძლება დააზიანოს, უსაფრთხოების კონცეფცია იცვლება, ახალი გარემოებები ჩნდება, შესაბამისად, ყველა სახელმწიფო შეეცდება, მაქსიმალურად მოახერხოს საკუთარ, შიდა რესურსებზე დაყრდნობით პროცდუქციის წარმოება და ამ კუთხით ელექტროენერგია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ კარგად დავინახოთ - ენერგოუსაფრთხოება, საკუთარი ელექტროენერგიის წარმოებაზე უნდა იყოს დამყარებული", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და დასძინა, რომ დაგეგმილი ან ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის მხარდასაჭერად სახელმწიფომ ინვესტორებს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები, დღეს არსებული გარემოებების გათვალისწინებით უნდა შესთავაზოს.

"დაგეგმილი პროექტების დიდი ნაწილიდან, არ მაქვს ზუსტი სტატისტიკა რამდენია, დარწმუნებული ვარ, თუ არ ექნება მათ მხარდაჭერა და არ მოხდება პროექტების თავიდან შეფასება, არაფერი გვექნება, რადგან ეს პროექტები, რამდენიმე წლის წინ არის დაწყებული, როცა PPA-ები რვა თვეზე, ან უფრო ნაკლებ პერიოდზე იყო გათვლილი.

ფინანსური მოდელი იმ პერიოდში არსებულ გარემოებებზე იყო მორგებული და მაშინ მაგალთად, თურქეთში, ელექტროენერგიის ფასი იყო მაღალი და ეს განსაზღვრავდა იმას, რომ ეს პროექტები ეკონომიკურად დასაბუთებული იყო და ამის გაკეთება შეიძლებოდა, ამიტომ ერთი საკითხია, რომ ეს პროექტები ამ კუთხით უნდა გადაიხედოს, რამდენად თვითკმარია იმისთვის, რომ კაპიტალი მოიზიდოს და ინვესტორი დაინტერესდეს, მეორე არის ადგილობრივ მოსახლეობასთან არსებული პრობლემები. ამ კუთხით იქნება ხელისუფლების მეტი ჩართულობა საჭირო, რომ ინვესტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის პრობლემები მოაგვაროს.

ინვესტორი მოსახლეობასთან პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუ სახელმწფოს ჩართულობა არ იქნება. ინვესტორს შეუძლია უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობა ფინანსური რესურსებით, მაგრამ ეს ტარიფში უნდა აისახოს და ტარიფი უნდა გაიზარდოს. თუ სახელმწიფო ამას იზამს, ჩართულობა იქნება და არცერთი პროექტი არ გაჩერდება", - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები