იგეგმება თუ არა ხევსურეთის სოფლებში ელექტროენერგიის პრობლემის მოგვარება? - ამ სადეპუტატო კითხვით პარლამენტის წევრმა თეონა აქუბარდიამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მიმართა.
„ხევსურეთის 29 სოფელში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე, ლამპის შუქზე ცხოვრობს. სოფელ როშკასთან ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა სოფლებში ელექტროენერგიის გაყვანის მოთხოვნით - პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის 45 სოფლიდან დენით მხოლოდ 16 სოფელია უზრუნველყოფილი. ისინი არც მზის პანელებით არიან უზრუნველყოფილნი. ამის გამო მოსახლეობა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ვერ ახერხებს, ახალგაზრდები ტოვებენ სოფლებს და ძალიან ცოტა ოჯახი რჩება ხევსურეთში“, - აღნიშნულია თეონა აქუბარდიას წერილში.
პასუხად ლევან დავითაშვილის უწყება აღნიშნავს, რომ მოცემულ ეტაპზე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ საკუთარი რესურსით ახორციელებს უშუქოდ დარჩენილი დასახლებების ხელახალ შესწავლას, რაც, მათ შორის, მოიცავს ხევსურეთსაც. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შედგება განახლებული სია და ამის შემდეგ გადაწყდება, რა ღონისძიებების შეიძლება გატარდეს უშუქოდ დარჩენილი ოჯახებისათვის ელექტროენერგიაზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, განისაზღვრება დონორი ორგანიზაციების, კერძო კომპანიებისა თუ სახელმწიფოს როლი ამ ღონისძიებების გატარებაში.
შეგახსენებთ, ხევსურეთის არაერთ სოფელს წლებია ელექტროენერგია არ აქვს.