მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგეტიკის განვითარების ფონდმა მზის პანელების მონტაჟზე, რომელსაც დამაგროვებელიც ექნება, ₾1.6 მლნ ტენდერი გამოაცხადა

მზის პანელი

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი მზის პანელების სისტემის დამაგროვებლით მშენებლობა-მონტაჟში 1.6 მლნ ლარს (1 679 371 ლარი) გადაიხდის.

კერძოდ, ფონდმა გამოაცხადა ტენდერი, რომლის ფარგლებშიც ჯამში 58 კომპლექტი მზის ფოტოელექტრული სისტემა უნდა დამონტაჟდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოს და უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულებში. თითოეული სისტემა უნდა მოიცავდეს ენერგიის დაგროვების სისტემას და უზრუნველყოფდეს მუდმივი საცხოვრებელი კომლების ავტონომიურ ელექტრომომარაგებას. ეს ნიშნავს, რომ ეს პანელები სისტემაში არ ჩაერთვება და მისგან დამოუკიდებლად, დამაგროვებლის მეშვეობით უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას.

შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, მზის ფოტოელექტრული სისტემა ენერგიის დაგროვების სისტემასთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მოთხოვნებს:

  • მზის ელექტროსადგური უნდა მუშაობდეს ავტონომიურ რეჟიმში (OFF-GRID SYSTEM);
  • თითოეული მუდმივი კომლისთვის უნდა განთავსდეს არანაკლებ 4.5 კვტ (მუდმივი DC) დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგური;
  • თითოეული მუდმივი კომლისთვის უნდა განთავსდეს არანაკლებ 4 კვტ (ცვლადი AC) სიმძლავრის გარდამქმნელი (ინვერტორი);
  • თითოეული მუდმივი კომლისთვის უნდა დამონტაჟდეს მინიმუმ 10 კვტ.სთ მოცულობის ენერგიის დაგროვების ბატარეა, რომელსაც უნდა შეეძლოს არანაკლებ 4 კვტ სიმძლავრით დამუხტვა და განმუხტვა;
  • მზის პანელები და მაკომპლექტებელი მოწყობილობები უნდა შეირჩეს ზემოაღნიშნული ტექნიკური მოთხოვნების სრულად უზრუნველყოფის მიზნით.

შერჩეულმა კომპანიამ მიმდინარე წლის ოქტომბრამდე უნდა დაასრულოს ყველა სამუშაო.

"ვინაიდან მომსახურების დაწყების თარიღი დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პირობებზე, თუკი საჭირო გახდება, გეგმა-გრაფიკში მითითებული სამუშაოების დაწყების თარიღის ცვლილება/დაკორექტირება შესაძლებელი იქნება გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, როდესაც რეალურად ცნობილი იქნება სამუშაოების დაწყების თარიღი", - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

ფონდი შესრულებული სამუშაოების გარანტიას ითხოვს შემდეგი პირობებით:

  • დამაგროვებლის მინიმალური გარანტია უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 წელს;
  • პანელების დაზიანების გარანტია არანაკლებ 15 წელი;
  • გენერაციის გარანტია არანაკლებ 25 წელი;
  • ინვენტორი არანაკლებ 10 წელი.

შერჩეულ კომპანიას სახელმწიფო ფონდი გამოცდილებასაც სთხოვს. კერძოდ, 2023 წლის აგვისტოდან ტენდერის გამოცხადების დღემდე საჭიროა ჰქონდეს შესრულებული არანაკლებ 600 ათასი ლარის ოდენობის ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები (მზის ფოტოელექტრული სისტემების მიწოდება და მონტაჟი).

აღსანიშნავია, რომ ფონდს იგივე მომსახურებაზე ტენდერი მიმდინარე წელს უკვე ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა წარუმატებლად რადგან არცერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა. ამჯერად სახელმწიფო ფონდს თანხის 49 ათასი ლარით ზრდა მოუწია.

აღსანიშნავია, რომ ტენდერში განაცხადების მიღება უკვე დასრულდა, მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და ამ ეტაპზე შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები