საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია Gross Energy Group-ის ფინანსური დირექტორის ირაკლი ტყებუჩავას განცხადებით, ენერგეტიკის განვითარების ტემპი ეკონომიკის ზრდის ტემპს უნდა ასწრებდეს, თუმცა ბოლო პერიოდში ჩამორჩენაა.
ენერგეტიკის დარგში არსებულ ტენდენციებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ირაკლი ტყებუჩავამ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” ისაუბრა.
2025 წელს ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 3.5%-ით გაიზარდა და 14.3 ტვტ.სთ შეადგინა. აქედან 13.8 ტვტ.სთ ადგილობრივი გენერაცია (- 3.0% წ/წ), ხოლო 1.6 ტვტ.სთ (+26.9% წ/წ) იმპორტი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წელს ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა და შემოსავლები განახევრდა. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2025 წელს ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა წლიურად 51%-ით შემცირდა და 0.5 ტვტ.სთ შეადგინა.
"ეკონომიკა და ენერგეტიკა პარალელურად უნდა ვითარდებოდეს, თუმცა ენერგეტიკის მიწოდება და გენერაცია თავისი ტემპით უფრო უნდა უსწრებდეს ეკონომიკის ზრდას. ბოლო პერიოდში ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მიწოდების ნაწილში კი ჩამოვრჩებით. თუ გვინდა ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლები და გვქონდეს საექსპორტო პროდუქტი, ამ დარგს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა ირაკლი ტყებუჩავამ.
მისივე თქმით, ელექტროენერგიის ბაზრის მაჩვენებლები ქვეყნისთვის სერიოზული სიგნალი უნდა იყოს.
„სტატისტიკურად ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული. მოხმარების ზრდის პარალელურად, გენერაციის ნაწილში ისეთი მიწოდება არ ხდება, რაც მოთხოვნას დააკმაყოფილებს. თუ გავაანალიზებთ, დაახლოებით, 30%-მდე უკვე იმპორტზე ვართ დამოკიდებული და ეს მაჩვენებელი, ნაცვლად შემცირებისა, დროთა განმავლობაში იზრდება“, - აღნიშნა ირაკლი ტყებუჩავამ.
მან ასევე ხაზი გაუსვა თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის საკითხს და განმარტა, რომ ვინაიდან საქართველო ბუნებრივ აირს არ აწარმოებს, გაზზე მომუშავე თბოსადგურების ენერგიაც, შინაარსობრივად, იმპორტზე დამოკიდებულებას ნიშნავს.
ცნობისთვის: 2025 წელს, ორი მცირე ჰესი და მზის ექვსი მცირე სადგური ამუშავდა. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2025 წელს ოპერირება დაიწყო ორმა ჰიდრო (ჯამში 11.8 მგვტ) და ექვსმა მზის ელექტროსადგურმა (ჯამში 10.8 მგვტ). ეს ნიშნავს, რომ ელექტროსისტემას ჯამში 22.6 მეგავატის სიმძლავრე დაემატა.




























