6-7 ნოემბერს, Expogeorgia-სა და GREDA-ს ორგანიზებით მეორედ გაიმართება ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი.
GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ამბობს, რომ გასული წლის წარმატებული შედეგების ფონზე, ღონისძიების მიმართ დაინტერესება გაზრდილია. მან "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნა, რომ გამოფენა და ფორუმი ყოველწლიური იქნება.
მელიქიძის თქმით, პლატფორმა საინტერესო აღმოჩნდა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის.
ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც შარშან მივიღეთ იყო ის, რომ გახადეთ ეს ღონისძიება უფრო მასშტაბური. იმდენად ხელშესახები შედეგი დადგა და ბევრი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელმაც შემდეგ რეალიზაცია პოვა, რომ კერძო სექტორი მეტად დაინტერესდა და შეიძლება ითქვას, მეტი ფსონი დადო წელს. ამიტომ, ნამდვილად მივესალმებით ჩვენს ამ თანამშრომლობას, ეს არ დაწყებულა შარშან და არ სრულდება წელს, ეს იქნება ყოველწლიური, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტიპის ღონისძიებები სექტორისთვის. ენერგეტიკა იყო, არის და იქნება ამ ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიული მიმართულება",- ამბობს მაია მელიქიძე.




























