მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სექტორს სერიოზული დანაკარგი აქვს" - გენერაციის შეზღუდვები გრძელდება

ჰესი ჰიდროელექტროსადგური ენერგეტიკა

ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებს დღესაც საშუალოდ 25-30%-იანი შეზღუდვა აქვთ. ამის შესახებ BMG-ს საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განუცხადა და იქვე დასძინა, რომ ეს სექტორს სერიოზულ ზარალს აყენებს. მაია მელიქიძე ამბობს, რომ სექტორი სახელმწიფოსთან კომუნიკაციის გააქტიურებას ელის.

"ჩამოსაყალიბებელია სტრატეგია და კრიტიკულად მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან კომუნიკაცია. კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე ძალიან რთული იქნება ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიზნის მიღწევა. ამ ეტაპისთვის ველოდებით კომუნიკაციის გააქტიურებას და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგი ერთი თვის განმავლობაში შედგება ის მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც პასუხს გასცემს კითხვას, რა სტრატეგიით ვიმუშავებთ მომავალი წლის განმავლობაში, რათა სექტორმა არ მიიღოს ძალიან დიდი ფინანსური დარტყმა" - აღნიშნა მელიქიძემ.

მისივე შეფასებით, გენერაციის შეზღუდვებთან დაკავშირებით ძალიან რთული სიტუაციაა დღესაც, ელექტროენერგიის გენერაციის ძალიან ბევრი ობიექტი განიცდის შეზღუდვებს და ეს მათთვის სერიოზული პრობლემაა, რადგან დანაკარგი ძალიან დიდია.

"ერთის მხრივ, იზრდება ჩადებული ინვესტიციის უკუგების პერიოდი, მეორეს მხრივ კი, წმინდა საოპერაციო შემოსავლებიდან გამომდინარე, დაგეგმილი და ბიუჯეტით გათვლილი შემოსავლები ვერ ხორციელდება. ამიტომ სექტორი სერიოზულ ფინანსურ დანაკარგს განიცდის. ახლაც მიმდინარეობს შეზღუდვები და მაჩვენებელი დაახლოებით 25-30%-ის ფარგლებში მერყევობს. როდესაც ტესტირების რეჟიმში ირთვება რომელიმე ქარის ან ჰიდროელექტროსადგური, ქსელში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე, ხდება გენერაციის სხვადასხვა ობიექტის შეზღუდვა",- განმარტა მელიქიძემ.

მან საინვესტიციო ინტერესსა და გამოწვევებზეც ისაუბრა.

"გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას ძალიან დიდი რესურსული პოტენციალი აქვს, დაინტერესება საკმაოდ მაღალია და ამას ეს ფორუმიც მოწმობს - დაინტერესება არის როგორც ევროპიდან, ისე ამერიკიდან. თუმცა აქ უკვე მნიშვნელოვანია ის სტრატეგიული პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. კერძო სექტორთან დიალოგის გარეშე ძალიან რთული იქნება ამ ინვესტიციების დამატებით მოზიდვა და შემდეგ შენარჩუნება",- განაცხადა მაია მელიქიძემ საქართველოს ენერგეტიკის გამოფენასა და ფორუმზე (GEEF2026).

წელს, ზაფხულში გენერაციის შეზღუდვით ენერგეტიკის სექტორმა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის შემოსავალი ვერ მიიღო, რის გამოც პროექტების ნაწილს საბანკო ვალდებულებების მომსახურების პრობლემა შეექმნა. საინვესტიციო ბანკ "გალტ&თაგარტის" შეფასებით, ზაფხულში ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვით ვერ გამომუშავდა დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ ელექტროენერგია, ანუ 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები