სს საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას, რომელიც 1-ელი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, გენერალური დირექტორი არ ჰყავს. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტურია 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ირინა მილორავამ პოსტი დატოვა.
უკვე ნახევარ წელზე მეტია საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორის მოვალეობას ირაკლი გალდავა ასრულებს.
საქართველოს ენერგეტიკის ბირჟის გენერალურ დირექტორს ოთხწევრიანი სამეთვალყურეო საბჭო ნიშნავს, რომელსაც გიორგი ჩიქოვანი თავმჯდომარეობს. ასევე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: ზაზა დვალიშვილი, ზვიად გაჩეჩილაძე და რევაზ ჩიკაშუა არიან.
საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის აქციონერი ოთხი სახელმწიფო კომპანიაა. ესენია: სააქციო საზოგადოება "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (25%), სააქციო საზოგადოება "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი" (ესკო) (25%), სააქციო საზოგადოება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ) (25%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია (სგტკ) (25%).
საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა 2019 წელს დაფუძნდა და მისი მისიაა, ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტიანი ოპერირებით, გამჭვირვალე და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა და სწორი საფასო სიგნალების მიწოდება ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისათვის.
საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა 6-ჯერ გადავადების შემდეგ, 1-ელი ივლისიდან ნაწილობრივ გაიხსნება. კერძოდ, დღით ადრე და დღიური ბაზრები ამოქმედდება 2024 წლის 1 ივლისიდან, ხოლო საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადა გადავადდა 2025 წლის 1 ივლისამდე.