ენერგეტიკულ ბირჟებზე სავაჭრო სესიის გახსნიდან მალევე ნავთობის ფასმა კლება დაიწყო. თუ პარასკევს, დღის მიწურულს ბრენტის ფასი $68.05 დოლარი იყო, WTI-ს კი $63.55, ორივე სახის წიაღისეულ საწვავზე საშუალოდ, $0.8-დოლარიანი კლება შეინიშნება.
საქართველოს დროით 10:00 საათის მონაცემებით, ბრენტი $67.20, ხოლო WTI $62.76 დოლარად ივაჭრება.
ანალიტიკოსები ფასების შემცირების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. უპირველესად ყურადღება ექცევა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის არსებული დაპირისპირების დიპლომატიურად გადაჭრის მცდელობას. ბირჟებზე გაჩნდა განცდა, რომ კონფლიქტის თავიდან არიდება შესაძლებელია. განმარტებისთვის, რეგიონში ნებისმიერ სამხედრო მოქმედების დაწყების შემთხვევაში ირანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით იმუქრება, რაც სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მათ შორის, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ნავთობის ექსპორტის საშუალებას შეუზღუდავს. ამან კი შესაძლოა გავლენა იქონიოს გლობალური მიწოდების 20%-ზე. ითვალისწინებენ რა არაბული სახელმწიფოების წინააღმდეგობას აშშ-ირანის ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსები მოელიან, რომ კონფლიქტის დიპლომატიურად გადაჭრა მოხერხდება. თუმცა ფაქტი, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფასი სტაბილურ $60-63-დოლარიან ნიშნულს მკვეთრადაა აცდენილი, ადასტურებს, რომ ბირჟა ახლო აღმოსავლეთში დეესკალაციის ნიშნებს ჯერ ვერ ხედავს.
ანალიტიკოსები ასახელებენ კიდევ ორ მიზეზს, რის გამოც ნავთობის ფასი სტანდარტულ ნიშნულს ჯერ არ უბრუნდება. უპირველესია ინდური ნავთობგადასამუშავებელი კომპანიების მიერ რუსული წიაღისეული საწვავის შესყიდვის მკვეთრი შემცირება. ოფიციალური ნიუ დელის მიერ ნავთობის იმპორტის აქამდე არსებული სქემის ცვლილება და ახალი პარტნიორების ძიება აჩენს განცდას, რომ ვიდრე ვითარება დასტაბილურდება, მიმწოდებელი სახელმწიფოები, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროები ფასებს მაღალ ნიშნულზე დატოვებენ. შეგახსენებთ, ინდოეთის ხელისუფლებამ აშშ-ის ხელისუფლებასთან მიღწეული სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში პირობა დადო, რომ ქვეყანა რუსულ ნავთობზე უარს სრულად იტყვის. ფასების კლებას ხელს უშლის ევროკავშირის მიერ წარდგენილი ინიციატივა, რომელიც 2027 წლიდან რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ასეთ შემთხვევაში მთავარ შემსყიდველებს, უნგრეთსა და სლოვაკეთს ალტერნატიული გზების მოძიება მოუწევთ, რაც ბაზარზე მოთხოვნის გაზრდის ფონზე გაზრდის ფასებსაც.




























