ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის, არტურ ლურკოვსკის შეფასებით, საქართველომ ენერგეტიკული ბაზრის გაუმჯობესებისთვის ნაბიჯები უნდა გადადგას - ამის შესახებ ლურკოვსკიმ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
ლურკოვსკის თქმით, ისინი საქმის კურსში არიან, რომ საქართველოში 2024 წლის ივლისიდან ამოქმედდა ენერგეტიკული ბირჟა და იმედოვნებენ, რომ საქართველო ეტაპობრივად ამ ბაზარზე ახალი მონაწილეების დაშვებით ბირჟის ზომას გაზრდის და ლიკვიდობას გააუმჯობესებს.
ამასთან, ლურკოვსკი აცხადებს, რომ 2025 წელს, საქართველოს როტაციის პრინციპის გათვალისწინებით, ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარეობა უწევს, ის იმედოვნებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ამაზე გავლენას არ იქონიებს.
“რაც შეეხება ენერგეტიკული ბაზრის გახსნას, ჩვენ საკმაოდ ახლოდან ვადევნებთ თვალს, ამ მხრივ ახალ განვითარებებს. ჩვენ ვიცით, რომ 2024 წლის ივლისში ბაზარი გაიხსნა და ჩვენ გვჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება არის კარგი ნაბიჯი წინ, იმისთვის, რათა მიღწეული იყოს ენერგეტიკული გაერთიანების ბაზრის და ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ გადაწყვეტილების პარალელურად, ჩვენ გვქონდა საკმაოდ კარგი და პროდუქტიული დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, იმაზე თუ რა ნაბიჯები უნდა იყოს შემდეგი ბაზრის ოპერირებისთვის და როგორ უნდა გაუმჯობესდეს ბაზრის ლიკვიდობა და როგორ უნდა დაემატოს ბაზარს ის სეგმენტები, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის განსაზღვრული.
ამ დიალოგით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, ჩვენ მოველით, რომ ეს შეთანხმება იქნება დამტკიცებული შესაბამისი უწყებების მხრიდან და რომ ბაზრის მოდელი მომავალში საქართველოს მხრიდან გაუმჯობესდება,”- განაცხადა ლურკოვსკიმ.
6-ჯერ გადავადების შემდეგ, 2024 წლის პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.
თუმცა, არსებული მდგომარეობით ბირჟა ლიმიტირებულ რეჟიმში ფუნქციონირებს და მაგალითად მთელი ოქტომბრის განმავლობაში არცერთი საბირჟო გარიგება არ შემდგარა, ნოემბრიდან კი აქტივობა განახლდა.