მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზის სექტორში კომპანიების გაყოფის პროცესი წლის ბოლოს დასრულდება - დავით ნარმანია

დავით ნარმანია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გაზის ბაზრის რეფორმის ფარგლებში კომპანიების განცალკევების ანუ ე.წ. ანბანდლინგის პროცესის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

როგორც დავით ნარმანიამ BMG-ის ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხის კომენტირებისას განუცხადა, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. მისი თქმით, საუბარია კომპანიების „თბილისი ენერჯის“, „სოკარის და „საქორგგაზის“ გაყოფაზე იმგვარად, რომ ცალკე გამანაწილებელი და ცალკე მიმწოდებელი კომპანიები ჩამოყალიბდნენ.

დავით ნარმანიას თქმითვე, იგი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს ენერგეტიკის დარგში აღებულ ვალდებულებებში ჩამორჩენა აქვს.

„ბუნებრივი გაზის სექტორში ბაზრის გახსნის რეფორმა ერთი წლით მოჰყვება ელექტროენერგეტიკის სექტორში ბაზრის გახსნის რეფორმას. ასეა ეტაპები დალაგებული. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც ელექტროენერგეტიკის ბაზარი ნებაყოფლობით რეჟიმში გაიხსნა, უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ბუნებრივი გაზის სექტორში ბაზრის გახსნაზე და კომპანიების განცალკევების საკითხზე მუშაობა. ძირითადი მარეგულირებელი ნორმები უკვე მომზადებულია და მისი განხილვები მალე დაიწყება. სამ კომპანიას განცალკევება უწევს. ესაა „თბილისი ენერჯი“, „სოკარ გაზი“ და „საქორრგაზი“. მათ ჩვენ მიერ მიღებული წესების შესაბამისად, უკვე წარმოადგინეს კომისიაში განცალკევებასთან დაკავშირებული საკითხები. წლის ბოლომდე ამ საკითხზე მივიღებთ გადაწყვეტილებას და ეს პროცესი დასრულდება. შესაბამისად, გაზის სექტორში ცალკე გამანაწილებელი და ცალკე მიმწოდებელი კომპანიები ჩამოყალიბდება.

რაც შეეხება იმას, რომ საქართველო რომელიმე ქვეყანას ჩამორჩება ენერგეტიკის სექტორში რეფორმების კუთხით, ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. რეფორმები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თუ გავითვალისწინებთ კოვიდ ფაქტორს და იმას, რომ ასეთ მასშტაბურ რეფორმებს სიჩქარე არ უყვარს, მე ვფიქრობ, რეფორმები ოპტიმალური ნაბიჯებით მიმდინარეობს მთავრობაშიც და მარეგულირებელშიც.

ცნობისთვის, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საქართველოს გაზის სექტორში აღებული ვალდებულებების დიდი ნაწილი შესრულებული კვლავ არ აქვს. ენერგოგაერთიანების გაზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ისეთ რეფორმებში აქვს ჩამორჩენა, როგორიცაა გაზის ბაზრის ლიბერალიზაცია, ბირჟის ამოქმედება და ბუნებრივი გაზის ბაზარზე კომპანიების განცალკევების, ე.წ. ანბანდლინგის ვალდებულება.

2017 წელს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ როგორც ელექტროენერგეტიკის, ისე ბუნებრივი გაზის ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო. მათ შორისაა, ენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბირჟის ამოქმედება, გამანაწილებელი და გადამცემი სისტემის ოპერატორების განცალკევება და ლიცენზიანტი კომპანიების ე.წ. ანბანდლინგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები