ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საქართველოს გაზის სექტორში აღებული ვალდებულებების დიდი ნაწილი შესრულებული კვლავ არ აქვს.
ენერგოგაერთიანების გაზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ისეთ რეფორმებში აქვს ჩამორჩენა, როგორიცაა მაგალითად, გაზის ბაზრის ლიბერალიზაცია, ბირჟის ამოქმედება და ბუნებრივი გაზის ბაზარზე კომპანიების განცალკევების, ე.წ. ანბანდლინგის ვალდებულება.
პრედრაგ გრუჩიჩის განცხადებით, საქართველოს ბუნებრივი გაზის სექტორში ენერგოგაერთიანების ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩამორჩენა გაერთიანების არაერთ წევრ ქვეყანასთან მიმართებით აქვს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც გაერთიანებამ ვალდებულებების ნაწილში საქართველოსთვის ისედაც არაერთი გამონაკლისი დაუშვა.
„რამდენიმე წელია, საქართველოში გაზის ბაზარზე რაიმე სახის პროგრესის შესახებ არ მსმენია. ჩვენ დიდი ძალისხმევა ჩავდეთ გადამცემი სისტემის ოპერატორის კომპანიის ანბანდლინგში, რათა დავხმარებოდით მარეგულირებელს და სისტემის ოპერატორს, წარედგინათ განცალკევების საკუთარი გეგმა. ჩვენ დიდი ძალისხმევა ჩავდეთ გაზის ბაზრის ამ კონცეფციის მატერიალიზაციაში და ასევე, დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რათა თქვენი ბირჟა ყოფილიყო ქმედითი. ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ ამ ყველაფრის შედეგს და სახეზეა დარღვევის რამდენიმე შემთხვევა. სამწუხაროდ. განსაკუთრებით კი, გადამცემი სისტემის ოპერატორის ანბანდლინგის მიმართულებით და მე ვერ ვხედავ, რომ აქ რამე იცვლება. ეს ჩვენთვის ცოტა შემაშფოთებელია. ეს ყველაფერი კვერცხის და ქათმის ამბავს ჰგავს - ჩვენ ვდებთ ამ საკითხს, რადგან არ შეგვიძლია ამ რეფორმის გატარება და ვერ ვატარებთ რეფორმას, რადგან ჩვენ მუდმივად ვდებთ ამ საკითხს“, - აღნიშნა პრედრაგ გრუჩიჩიმ.
ამასთან, როგორც ენერგოგაერთიანებაში აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გათავისუფლებულია გაზსაცავის მშენებლობის ვალდებულებისგან, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას გაზის სექტორში მიწოდების უსაფრთხოების კუთხით მკაფიო და გამჭვირვალე სტრატეგია ჰქონდეს შემუშავებული.
„აღსანიშნავია, რომ საქართველომ გარკვეული სამუშაო გაატარა გაზის სექტორში მიწოდების უსაფრთხოების რეგულაციის მიმართულებით. საქართველო გათავისუფლებულია გაზსაცავის რეგულაციისგან, მას არ აქვს გაზსაცავი და ის არ არის დაკავშირებული ევროგაერთიანების წევრ არცერთ ქვეყანასთან, არც ენერგეტიკული გაერთიანების კონტრაქტორ ქვეყნებთან. ასე რომ ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის, რომ საქართველოს არ ექნებოდა შესაძლებლობა შეინახოს გაზი, იმ ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც მსგავსი მარეგულირებელი გარემოა. მაგრამ საქართველომ უნდა შეასრულოს მიწოდების უსაფრთხოების რეგულაცია. საბაზისო რეგულაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა გქონდეთ რისკის შეფასების სერიოზული ანალიზი და „ემერჯენსი“ გეგმის ადაპტაცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული ნაბიჯები გადადგმული გაზის სექტორში მიწოდების უსაფრთხოების რეგულაციის დანერგვის მიმართულებით. მიწოდების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, და ალბათ ამიტომაც არის, რომ მთავრობები ნაკლებად იკავებენ თავს ამ რეფორმის განხორციელებისგან. მაგრამ, ამავდროულად მიწოდების უსაფრთხოება საჭიროებს გამჭვირვალობას. თქვენ უნდა აჩვენოთ ბაზარს, თუ რას გააკეთებთ კრიზისის შემთხვევაში. როგორი ზომები იქნება მიღებული, ბაზარზე დაფუძნებული თუ სხვა. ეს ძალიან სერიოზული საკითხებია, რადგან მათ აქვთ ასევე გავლენა მომხმარებლის მიწოდებაზე. გარკვეული პროგრესი ამ ნაწილში არის, თუმცა მთლიანობაში, ვიტყოდი, რომ სამწუხაროდ, ენერგო გაერთიანების კონტრაქტორ მხარეებს საქართველო ჩამორჩება. ვხედავ გარკვეულ პროგრესს უკრაინაშიც კი, დიდ პროგრესს მოლდოვაში, ძალიან მცირე ნაბიჯებს სერბეთში. ჩვენ საკმაოდ რბილი მიდგომა გვქონდა საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანებას ისედაც გვიან შემოუერთდა, თანაც საკმაოდ ბევრი გამონაკლისით. მან ასევე მიიღო დამატებითი გამონაკლისები იქამდე, ვიდრე ძირითადი საკითხები იქნებოდა იმპლემენტირებული. ამ გამონაკლისების მიუხედავადაც კი, გაზის სექტორის მიმართულებით ენერგოგაერთიანების ზოგიერთი მარტივი პილარიც კი არ არის დანერგილი - ანბანდლინგი, ბაზრის გახსნა, მიწოდების უსაფრთხოება“, - აღნიშნავს პრედრაგ გრუჩიჩი.
ცნობისთვის, 2017 წელს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ როგორც ელექტროენერგეტიკის, ისე ბუნებრივი გაზის ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო. შესაბამისად, საქართველოს ვალდებულება აქვს, ელექტროენერგიასთან ერთად ბირჟაზე ბუნებრივი გაზიც ივაჭრებოდეს. ამასთან, რეფორმის ფარგლებში ორივე სექტორში გამანაწილებელი და გადამცემის სისტემის ოპერატორები უნდა განცალკევდნენ.