ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოლოდინით, ელექტროენერგიის მსგავსად, საწყის ეტაპზე გაზის ბირჟაზე ვაჭრობა ნებაყოფლობითი იქნება.
როგორ დავით ნარმანიამ BMG-ს განუცხადა, ბირჟაზე ბუნებრივი გაზით ვაჭრობის დაწყების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს. თუმცა მისი მოლოდინით, აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გააქტიურდება, რაც მომავალ წელს ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა სავალდებულო რეჟიმში დაიწყება.
ამასთან, დავით ნარმანია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ამ ეტაპზე ბუნებრივ აირს მხოლოდ ორი კომპანია, „სოკარი“ და „გაზპრომი“ აწვდის, მოსალოდნელია, რომ ბირჟის ამოქმედების შემდეგ პლატფორმაზე გაზით სხვა კომპანიებიც ივაჭრებენ.
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით ვაჭრობა ერთ ბირჟაზე მოხდება, ერთ ოპერატორთან. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და პატარა ბაზარი გვაქვს. ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ერთი ოპერატორის ქვეშ მოხდეს ვაჭრობა. ტექნიკური სამუშაოები ვაჭრობის პლატფორმასთან დაკავშირებით ასევე მიმდინარეობს. შესაბამისად, მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, როდიდან უნდა მოხდეს გაზის ბირჟაზე ვაჭრობა.
ვფიქრობ, რომ პირველი ეტაპი ნებაყოფლობით ვაჭრობა იქნება, შემდეგ კი სავალდებულო წესით ვაჭრობა. მომდევნო წლის ზაფხულში ელექტროენერგიის ბაზარი გაიხსნება და შემდეგ უკვე ინტენსიურად დაიწყება მუშაობა გაზით ნებაყოფლობით ვაჭრობის საკითხებზე. ბირჟაზე ივაჭრებენ ის კომპანიები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ბუნებრივი გაზის მარაგები ექნებათ, ასე რომ არაა აუცილებელი, რომ მხოლოდ ერთი ან ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ივაჭრონ. ვფიქრობ, რამდენიმე კომპანია იქნება დაინტერესებული, ვინც შემოვა ბუნებრივი გაზის ბაზარზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის და გაზის სექტორს საერთო ბირჟა ექნება. ენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბირჟის ამოქმედება ერთ-ერთი ვალდებულებაა, რაც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აიღო.