ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის წარმოება/ვაჭრობისა და გადაცემის საქმიანობის განცალკევების კონკრეტულ მოდელზე შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ სამინისტროს მიერ მომზადებულ პრეზენტაციაშია აღნიშნული, რომელიც 10 სექტემბერს, ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარადგინეს.
როგორც ირკვევა, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს. განცალკევება კი შემდეგი პრინციპით მოხდება: გადაცემის საქმიანობა დარჩება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციაში, ხოლო წარმოება/ვაჭრობის საქმიანობა გადავა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაში.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ როგორც ელექტროენერგეტიკის, ისე ბუნებრივი გაზის ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო. სხვა არაერთ ვალდებულებასთან ერთად, საქართველოს 2019 წლის ბოლომდე უნდა შეესრულებინა ასევე სისტემის ოპერატორების განცალკევების ვალდებულება. ეს ეხება როგორც გამანაწილებელი, ისე გადამცემი სისტემის ოპერატორებს როგორც ელექტროენერგეტიკის, ისე ბუნებრივი გაზის სექტორებში.
ელექტროენერგეტიკის სექტორში გამანაწილებელი ქსელის ოპერატორები როგორც სამართლებრივად, ისე ფუნქციურად უკვე განცალკევდნენ. რაც შეეხება გადამცემი სისტემის ოპერატორებს, აქ გაერთიანება უფრო მაღალი დონის განცალკევებას ითხოვს. ეს არის ქონებრივი განცალკევება და გულისხმობს იმას, რომ ერთ სტრუქტურას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს, არ აქვს უფლება აკონტროლებდეს ერთი მხრივ სისტემის ოპერატორს და მეორე მხრივ, ისეთ საწარმოს, რომელიც ელექტროენერგეტიკის ან გაზის სექტორში საქმიანობს. სწორედ განცალკევების გართულებაა საფუძველი, რის გამოც ევროპის ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ე.წ დარღვევის პროცედურა წამოიწყო საქართველოს წინააღმდეგ.
ცნობისთვის, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორია. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 4382,66 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 93 ქვესადგურს.