მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Energy Community-მ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ დარღვევის პროცედურა დაიწყო - რა ვალდებულებებს ვერ ასრულებს ქვეყანა?

გადამცემი ხაზები

2017 წელს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ როგორც ელექტროენერგეტიკის, ისე ბუნებრივი გაზის ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო. სხვა არაერთ ვალდებულებასთან ერთად, საქართველოს 2019 წლის ბოლომდე უნდა შეესრულებინა ასევე სისტემის ოპერატორების განცალკევების ვალდებულება. ეს ეხება როგორც გამანაწილებელი, ისე გადამცემი სისტემის ოპერატორებს როგორც ელექტროენერგეტიკის, ისე ბუნებრივი გაზის სექტორებში.

ელექტროენერგეტიკის სექტორში გამანაწილებელი ქსელის ოპერატორები როგორც სამართლებრივად, ისე ფუნქციურად უკვე განცალკევდნენ. რაც შეეხება გადამცემი სისტემის ოპერატორებს, როგორც გავარკვიეთ აქ გაერთიანება უფრო მაღალი დონის განცალკევებას ითხოვს. ეს არის ქონებრივი განცალკევება და გულისხმობს იმას, რომ ერთ პირს არ აქვს უფლება პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებდეს ერთი მხრივ სისტემის ოპერატორს და მეორე მხრივ, ისეთ საწარმოს, რომელიც ელექტროენერგეტიკის ან გაზის სექტორში საქმიანობს.

როგორც Energy Community-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი BMG-სთან ინტერვიუში განმარტავს, ამის გამო საკმაოდ გართულდა საქართველოში სისტემის ოპერატორების ქონებრივი განცალკევება. ეს არის საფუძველი, რის გამოც ევროპის ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ე.წ დარღვევის პროცედურა წამოიწყო საქართველოს წინააღმდეგ. თუ ქვეყანა დროულად არ შეასრულებს ვალდებულებებს, მის მიმართ გარკვეული სანქციები იქნება გამოყენებული.

"საქართველოს გამოეგზავნა წერილი, შეტყობინება ამ პროცედურის დაწყების შესახებ. საქართველომ თავის მხრივ წარადგინა თავისი პოზიცია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოში და ჯერჯერობით ღიაა ეს საკითხი და არ არის დასრულებული.

იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ დადგინდა, რომ საქართველომ დაარღვია ეს ვალდებულება და ამ შემთხვევაში საუბარი უნდა იყოს სერიოზულ და განგრძობად დარღვევაზე... თუ მიჩნეულ იქნა, რომ დარღვევა არის სახეზე, მაშინ საქართველოს წინააღმდეგ შესაძლებელია იქნეს მიღებული გარკვეული შეზღუდვები. ასეთი შეზღუდვა შეიძლება იყოს მაგალითად, ენერგეტიკული გაერთიანების სხვადასხვა შეხვედრებში მონაწილეობის შეზღუდვა ან ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა გარკვეული დროის განმავლობაში“, - აცხადებს სალომე ჯანელიძე.

ე.წ ანბანდლინგის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის სახელმწიფო ელექტროსისტემა სემეკის მიერ 10,000 ლარით უკვე იქნა დაჯარიმებული. სახელმწიფო ელექტროსისტემა, ქვეყანაში მაღალი ძაბვის ხაზების (გადაცემის სისტემის) ოპერატორია, არის ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაში, ამავე სამინისტროს ეკუთვნის ისეთი ენერგეტიკული ობიექტები, როგორიცაა ენგურჰესი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის თბოსადგურები. სტრუქტურული გამიჯვნა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ობიექტებს საერთო მაკონტროლებელი არ უნდა ჰყავდეთ. როგორც კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში წარდგენილი წინადადების მიხედვით, გენერაციის ობიექტების სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემა იგეგმება.

როგორც Energy Community-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი განმარტავს, თუ განცალკევება ამ მოდელის მიხედვით განხორციელდება, გაერთიანება კანონმდებლობაში შესაბამისი დაცვის მექანიზმების ჩადებას მოითხოვს.

„ამ ეტაპზე ცხადი არ არის ზუსტად, რა მოდელი განხორციელდება. ძალიან ბევრი დათქმაა ამ შემთხვევაში. ეს მოდელი თუ განხორციელდება, აუცილებელია შესაბამისი დაცვის მექანიზმები ჩაიდოს კანონმდებლობაში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ერთი პირი არ განახორციელებს კონტროლს ერთი მხრივ საქართველოს ელექტროსისტემაზე, მეორე მხრივ ისეთ საწარმოებზე, როგორიც არის მაგალითად ენგურჰესი, გაზისა და ნავთობის კორპორაცია, სწორედ ამიტომ, ჯერჯერობით ზუსტად არ შეგვიძლია მოდელზე ვთქვათ, რომ ეს არის შეჯერებული მოდელი, თუმცა შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაოები.

ჩვენ ახლა ველოდებით ეკონომიკის სამინისტროდან დამატებით წინადადებებს, კონკრეტულ შემოთავაზებებს, თუ რა ტიპის ცვლილებები უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. შემდგომში ამის საფუძველზე ჩვენ გვეცოდინება, რამდენად განხორციელებადია ეს მოდელი, თუ არ არის განხორციელებადი“, - განმარტავს სალომე ჯანელიძე.

ამასთან, საქართველოს შესასრულებელი რჩება ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის სექტორებში ბაზრის ლიბერალიზაციის ვალდებულება, რაც ენერგეტიკული და გაზის ბაზრის გახსნას გულისხმობს. ასევე ბუნებრივი გაზის სექტორშიც კომპანიებს იმ გზის გავლა მოუწევთ, რაც ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორებმა გაიარეს. ამ შემთხვევაშიც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ისეთივე მაღალი დონის განცალკევებას მოითხოვს, როგორც სახელმწიფო ელექტროსისტემის შემთხვევაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები