მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუკი საქართველო აღებულ ვალდებულებას დროულად შეასრულებს, ე.წ დარღვევის პროცედურა შეწყდება - Energy Community

ჰესი

თუკი საქართველოს მხრიდან ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების ვალდებულება დროულად შესრულდება, ე.წ დარღვევის პროცედურა შეწყდება, - ამის შესახებ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში აცხადებენ.

როგორც საქართველოში Energy Community-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა BMG-ის განუცხადა, ეკონომიკის სამინისტრო შესაბამისი ვალდებულების შესრულებაზე და საკანონმდებლო ბაზაზე აქტიურად მუშაობს.

სალომე ჯანელიძის განცხადებით, გაერთიანების მთავარი მოთხოვნაა, რომ ერთი და იგივე პირი არ ახორციელებდეს სახელმწიფო ელექტროსისტემის და მსხვილი გენერაციის ობიექტების კონტროლს.

„დაახლოებით ერთი წელია, რაც ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნომ მოკვლევა დაიწყო საქართველოს მიერ განცალკევების ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ ელექტროენერგეტიკული სისტემის არასათანადო განცალკევებას უკავშირდებოდა. აქტიურად ვთანამშრომლობთ ეკონომიკის სამინისტროსთან, რომელიც სპეციალურ კანონმდებლობაზე მუშაობს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება ეს პროცესი და სისტემა იმ წესების მიხედვით იქნება განცალკევებული, რაც გაერთიანების მიერაა მოთხოვნილი. თუკი ეს პროცესი მალე დასრულდება, საქართველოს მიმართ დარღვევის შესწავლის პროცედურა შეწყდება და დარღვევაც აღარ დადგინდება.

რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეს ვალდებულება, არ შეიძლება, რომ ერთი და იგივე პირი აკონტროლებს როგორც გადაცემის საქმიანობას, ასევე საბაზრო საქმიანობებს. სწორედ იმის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემის კონტროლი ხორციელდებოდეს დამოუკიდებელი პირის მიერ, რომელიც გადაწყვეტილებებს მხოლოდ და მხოლოდ ამ კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს“, - განაცხადა სალომე ჯანელიძემ.

ცნობისთვის, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების ვალდებულების შეუსრულებლობის საკითხზე Energy Community-მ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ დარღვევის პროცედურა შარშან თებერვალში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სემეკმა სახელმწიფო ელექტროსისტემა 10,000 ლარით დააჯარიმა.

თავად სახელმწიფო ელექტროსისტემაში კი განმარტავდნენ, რომ აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად უკვე მომზადებულია ცვლილების პროექტები. უწყებაში აცხადებდნენ, რომ პროექტის თანახმად, ეროვნული ქონების მართვის სააგენტოს გადაეცემა გენერაციის ობიექტების მართვის უფლება, ხოლო სამინისტრო კვლავ განახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორის აქციონერის უფლებამოსილებას. შედეგად კი ელექტროენერგიის გენერაციისა და გადაცემის აქტივობები ერთმანეთისგან განცალკევდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები