ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება საქართველოს აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებს. ანგარიშში, რომელიც საქართველოს ეხება, ენერგეტიკული გაერთიანება ბაზრის მოთამაშეთა გაყოფის ანუ ანბანდლინგის რეფორმების დაბალი ტემპის გამო სახელმწიფოს წინაშე საკმაოდ კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს. საქართველომ ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო, ეს კი თავის მხრივ ახალ საბაზრო მოწყობაზე გადასვლას გულისხმობს. უნდა განცალკევდეს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო კომპანიები.
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების კრიტიკის საგანი ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის წარმოების და გადაცემის აქტივების მფლობელობის გამიჯვნა გახდა. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება საქართველოს მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობას სწავლობს, თუმცა დოკუმენტში არაფერია ნათქვამი, რა სანქცია შესაძლოა, იყოს გამოყენებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.
საქართველომ ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით 2017 წელს ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო, ეს კი თავის მხრივ ახალ საბაზრო მოწყობაზე გადასვლას გულისხმობს. უნდა განცალკევდეს ელექტროენერგიის მწარმოებელი და გადამცემი ხაზების ოპერატორები. როგორც ცნობილია, სახელმწიფოს ამ მიმართულებით რეფორმა დაწყებული აქვს, კერძო კომპანიების, როგორც არის თელასი და ენერგო-პრო, გამიჯვნა მოხდა, თუმცა სახელმწიფო კომპანიებს დონეზე ჯერ პროცესი არ დაწყებულა. ამ პროცესში არსებული ხარვეზების გამო სემეკმა სახელმწიფო ელექტროსისტემა 10,000 ლარით დააჯარიმა.
სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ BMG-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, უკვე მომზადებულია ცვლილებების პროექტები, რომლის თანახმად, ეროვნული ქონების მართვის სააგენტოს გადაეცემა გენერაციის ობიექტების მართვის უფლება, ხოლო სამინისტრო კვლავ განახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორის აქციონერის უფლებამოსილებას.
განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, ნომერ პირველი დავალება, რაც საქართველომ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აიღო სამართლებრივი პასუხისმგებლობის და ვალდებულების შესრულებაა, ამიტომ ბუნებრივია გაერთიანება ჩვენი ქვეყნისგან ამ ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.
“ევროგაერთიანების წევრობა ავტომატურად ნიშნავს სამართლებრივი პასუხისმგებლობის და ვალდებულებების შესრულებას. ნომერ პირველი დავალება იყო ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია. ჩვენ გვაქვს რეგულირებული ბაზარი და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გადავსულიყავით ე.წ დამოუკიდებელ, თავისუფალ ბაზარზე, რაც ითვალისწინებს კონკურენციის მაღალ დონეს. ბუნებრივია ეს ყველაფერი გაწერილია დროში.
2019 წელს მიღებულ იქნა ორი ახალი კანონი. ერთი იყო „ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ“, მეორე განახლებადი ენერგიების მიმართულებით. 2019 წელს იქმნება ენერგეტიკული ბირჟა. მიზანი ენერგეტიკული ბირჟის არის იმ არქიტექტურის შექმნა, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა ე.წ კომპანიების ანბანდლინგი ანუ საქმიანობათა გაყოფა და განაწილება. ეს პროცესი განხორციელდა კერძო კომპანიებთან მიმართებით. შემდეგი ნაბიჯი იყო, რომ სახელმწიფო კომპანიებსაც უნდა გაევლოთ იგივე პროცესი.
მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკული ბირჟის გახსნა გადაიდო, ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ანბანდლინგის ვალდებულება კვლავ დატოვა დღის წესრიგში ძალიან აქტიურად.
კონცეფციაში არის გაწერილი, რომელი კომპანია, მსხვილი, საშუალო, მცირე რომელ დროს და რა პრინციპით გადის თავისუფალ ბაზარზე. ქვეყნის საბოლოო მიზანი არის ის, რომ აბსოლუტური ლიბერალიზაცია მოხდეს ბაზრის და ვაჭრობა მიმდინარეობდეს მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე. ამის პარალელურად ძალიან სწორი პროცესი მიდის ახლა, რაც არის CFD მექანიზმის ამოქმედება, რაც ნიშნავს იმას, რომ გენერაციის ობიექტების მრავალფეროვან შექმნას შეეწყობა ხელი.
ენერგეტიკული ბირჟა ვერ იმუშავებს, თუ მას არ ეყოლება ბევრი მოთამაშე. იმისთვის, რომ ენერგეტიკული ბირჟა იყოს სრულყოფილად ამოქმედებული, უნდა არსებობდეს მოთამაშეთა მრავალფეროვანი სპექტრი. ქვეყანა ამ პროცესშია ახლა.
მე აბსოლუტურად მესმის ჩვენი მხარის და გაერთიანებისაც. გაერთიანება მას შემდეგ, რაც მივიღეთ სტატუსი, ბუნებრივია უფრო მკაცრად მოითხოვს იმას, რომ ენერგეტიკული სექტორი სწრაფად და დათქმულ დროში გადავიდეს ლიბერალური ბაზრის პროცესში.
ამბობენ, რომ თუ არ იქნება ვალდებულებები შესრულებული იქნება სანქციები, თუმცა რა შეიძლება იყოს სანქციები ამას არ ადასტურებს არცერთი ანგარიში. მაღალი ალბათობით ეს იქნება, რომ ჩვენ გვთხოვენ რაც შეიძლება სწრაფად დათქმულ დროში გავაკეთოთ ჩვენი საქმე“,-აცხადებს მაია მელიქიძე.
ენერგეტიკული გაერთიანების მიერ განსაზღვრული წესებით საქართველოში ენერგეტიკული რეფორმები რამდენიმე მიმართულებით უკვე განხორციელდა, კერძოდ ელექტროენერგეტიკის სფეროში მოხდა ე.წ. “ბუნებრივი მონოპოლიების” დაშლა და “თელასის” და “ენერგო პროს” გაყოფა.
ამასთან, უკვე რამდენიმე წელია ჭიანურდება ელექტროენერგიის დღით ადრე ბირჟის ოპერირების დაწყება, რომელიც არსებული მდგომარეობით, 2024 წლის ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.
როგორც ენერგეტიკული გაერთიანება აღნიშნავს, საქართველო ჩამორჩება ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმებსაც.