ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება საქართველოს მიერ სახელმწიფო ელექტროსისტემის გაყოფის ვალდებულების შეუსრულებლობას სწავლობს - ამის შესახებ თავად ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის აღნიშნული.
საქართველომ ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო, ეს კი თავის მხრივ ახალ საბაზრო მოწყობაზე გადასვლას გულისხმობს. განცალკევებულ კომპანიებად უნდა დაიყოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც ქვეყანაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მფლობელი და ოპერატორია. სწორედ ეს საქმიანობები უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ბაზრის ახალი პრინციპების შესაბამისად.
სახელმწიფო ელექტროსისტემაში კორპორატიზაციის მიმართულებით რეფორმები რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მკაფიო ხედვა იმაზე თუ რა სახით უნდა მოხდეს კომპანიის გაყოფა ისე რომ ახალი სტრუქტურა ინტერესთა კონფლიქტებს არ შეიცავდეს. როგორც ირკვევა, ამ პროცესში არსებული ხარვეზების გამო სემეკის მიერ სახელმწიფო ელექტროსისტემის 10,000 ლარით დაჯარიმებაც მოხდა.
BMG-იმ “სახელმწიფო ელექტროსისტემას” მიმართა კითხვით, თუ როდის იგეგმება კომპანიის გაყოფა. ანალოგიური კითხვით მივმართეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. უწყებას ასევე ვკითხეთ თუ რამ გამოიწვია ენერგეტიკის სექტორის ლიბერალიზაციის რეფორმის გაჭიანურება, რის გამოც სახელმწიფომ ევროპელი პარტნიორების კრიტიკა დაიმსახურა. უწყებებისგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
2023 წლის ნოემბერში საქართველოში ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელი, არტურ ლოროვსკი, ენერგეტიკის სფეროში ევროკომისარ კადრი სიმსონთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა. ენერგეტიკული გაერთიანების მიერ ამ ვიზიტის შესახებ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ საუბრის ძირითადი თემა სწორედ კომპანიების გაყოფის (ანბანდლინგის) თემას შეეხებოდა.
ენერგეტიკული გაერთიანების მიერ განსაზღვრული წესებით საქართველოში ენერგეტიკული რეფორმები რამდენიმე მიმართულებით უკვე განხორციელდა, კერძოდ ელექტროენერგეტიკის სფეროში მოხდა ე.წ. “ბუნებრივი მონოპოლიების” დაშლა და “თელასის” და “ენერგო პროს” გაყოფა.
ამასთან, უკვე რამდენიმე წელია ჭიანურდება ელექტროენერგიის დღით ადრე ბირჟის ოპერირების დაწყება, არსებული მდგომარეობით, ბირჟა 2024 წლის ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა მისი ამოქმედება უკვე რამდენჯერმე გადავადდა.
როგორც ენერგეტიკული გაერთიანება აღნიშნავს, საქართველო ჩამორჩება ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმებსაც. არსებული მდგომარეობით შეფასება ასე ნაწილდება:
ელექტროენერგეტიკა - შესრულებულია 51%;
ბუნებრივი გაზის სექტორი - შესრულებულია 21%.
როგორც წლიური ანგარიშიდან ჩანს, ენერგეტიკული გაერთიანება ბაზრის მოთამაშეთა გაყოფის (ანბანდლინგის) რეფორმების დაბალი ტემპის გამო სახელმწიფოს წინაშე საკმაოდ კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს, რასაც შესაბამისი სანქცირების პროცესის დაძვრაც მოჰყვა.