მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანბანდლინგის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე სახელმწიფო ელექტროსისტემა განმარტებას აკეთებს

ელექტროენერგია

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება საქართველოში სახელმწიფოს მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხს სწავლობს - ამის შესახებ თავად ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის აღნიშნული.

საქმე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიების მფლობელობის ისეთი სტრუქტურული მოწყობის უზრუნველყოფას შეეხება, რომელიც ფუნქციური ანბანდლინგს (გაყოფა/გამიჯვნას) მოიცავს. ამასთანავე, ირკვევა, რომ ანბანდლინგის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის სახელმწიფო ელექტროსისტემა სემეკის მიერ 10,000 ლარითაც იყო დაჯარიმებული.

არსებული მდგომარეობით სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც ქვეყანაში მაღალი ძაბვის ხაზების (გადაცემის სისტემის) ოპერატორია, არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მფლობელობაში, ამავე სამინისტროს ეკუთვნის ისეთი ენერგეტიკული ობიექტები, როგორიცაა ენგურჰესი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის თბოსადგურები. სტრუქტურული გამიჯვნა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ობიექტებს საერთო მაკონტროლებელი არ ჰყავდეთ. შესაბამისად, წარდგენილი ინიციატივის მიხედვით, გენერაციის ობიექტების სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემა იგეგმება.

BMG-სთან სახელმწიფო კომპანია განმარტავს, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მათი სანქცირება ენერგეტიკულ გაერთიანებას არ მოუხდენია, თუმცა მიმდინარეობს ინფრინჯმენტის პროცედურა საქართველოს წინააღმდეგ რომლის მოკვლევაც ჯერჯერობით არ დასრულებულა.

“უპირველეს ყოვლისა განვმარტავთ, რომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას საქართველოს მიმართ სანქცია არ დაუწესებია.

როგორც მათ მიერვე გავრცელებულ ერთი წლის წინანდელ ანგარიშშია აღნიშნული, დაწყებულია დარღვევის პროცედურების შესწავლა, რომელიც ეხება ერთმანეთისგან ელექტროენერგიის გადაცემა/განაწილებისა და წარმოება/მიწოდება/ვაჭრობის განმახორციელებელი საწარმოების განცალკევებას.

ინფრინჯმენტი არ არის ჯარიმა ან სანქცია, არამედ ეს არის საქმის წარმოება შესაძლო დარღვევის დასადასტურებლად და მითითებების განსაზღვრა მის აღმოსაფხვრელად. პროცესი მიმდინარეა და საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მჭიდრო კომუნიკაციის ფარგლებში ვალდებულების აღსრულების მექანიზმებზე მუშაობს,”- ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის პასუხში.

საქართველომ ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო, ეს კი თავის მხრივ ახალ საბაზრო მოწყობაზე გადასვლას გულისხმობს.

“ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების ვალდებულება, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის 2009 წლის 13 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/72/EC დირექტივას, ერთმანეთისგან ელექტროენერგიის გადაცემა/განაწილებისა და წარმოება/მიწოდება/ვაჭრობის განმახორციელებელი საწარმოების განცალკევების ვალდებულებას აწესებს. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა მისი მმართველობის სფეროში არსებული ენერგეტიკული საწარმოების მართვის უფლებების ამ კანონის შესაბამისად გადანაწილება. აღსანიშნავია, რომ საკითხი განხილულ იქნა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი კადრი სიმსონის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზეც, რომლის დროსაც საქართველოს მხარემ ევროკომისარს მიაწოდა აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. კერძოდ, აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად, უკვე მომზადებულია საქართველოს ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების ცვლილებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების გადაცემის თაობაზე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ცვლილების პროექტები. პროექტის თანახმად, ეროვნული ქონების მართვის სააგენტოს გადაეცემა გენერაციის ობიექტების მართვის უფლება, ხოლო სამინისტრო კვლავ განახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორის აქციონერის უფლებამოსილებას, ამგვარად, განცალკევდება ელექტროენერგიის გენერაციისა და გადაცემის აქტივობები და შესაბამისად, შესრულდება “Unbundling”- ის მოთხოვნა,”- ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის განმარტებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები