ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის CFD აუქციონის განაცხადების მიღების შედეგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უწყებამ რიგით მეორე აუქციონი 2023 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა და სულ 146 განაცხადი შევიდა, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია პირველ აუქციონთან შედარებით. სამინისტრომ მთლიანობაში 800 მეგავატის სიმძლავრეზე გამოაცხადა აუქციონი.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი კომისია უახლოეს მომავალში შეიკრიბება, გაეცნობა წარმოდგენილ განაცხადებს, პირველ რიგში, დაადგენს მედიანურ ტარიფს, რის შემდგომაც მოხდება გამარჯვებული წინადადებების გამოვლენა. სიმძლავრის მეორე აუქციონის ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მგვტ. - ს შეადგენს.
კითხვაზე რა არის გარანტია იმისა, რომ CFD აუქციონის ფარგლებში გამარჯვებული კომპანიები შესაბამის გენერაციის პროექტებს განახორციელებენ, განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი მაია მელიქიძე გვპასუხობს, რომ ქვეყანას დღეს სხვა გზა არ აქვს. მელიქიძე მიმართავს მოსახლეობას და ინვესტორებს, რომ მისცენ შესაძლებლობა ქვეყანას, რომ მოხდეს გენერაციის პროექტების განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო მეზობელ რუსეთზე ენერგოდამოკიდებული იქნება.
“ფაქტია ის, რომ აბსოლუტურად ყველა პროექტის ჭრილში მემორანდუმი გაფორმებულია და 2023 წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდა ეს პროცესი. ქვეყანა არის ენერგოდეფიციტური და ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენი სამშობლო იმყოფება. გენერაცია ვერ ეწევა მოხმარებას და მოხმარება საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, ეს კიდევ ერთხელ ქმნის აუცილებლობას, საჭიროებას და გარდაუვალობას, რომ ყველა ის პროექტი, რომლის გამარჯვებაც მოხდა, პირველ CDF აუქციონში რეალიზებულ იქნეს და მოხდეს მათი აშენება.
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდებით როგორც ენერგოდამოუკიდებული ქვეყანა და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ობიექტს, რომელსაც აქვს უკვე მემორანდუმი, მიეცემა შესაძლებლობა იმისა, რომ აშენდეს. ბუნებრივია, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის ექსპორტის მაჩვენებელი. თურქეთი არის ის ძირითადი ქვეყანა, სადაც ვახდენთ ექსპორტს და ამას დაემატება ბუნებრივია, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომლითაც ჩვენ დავუკავშირდებით ევროპას და აუცილებელი იქნება ექსპორტის მაჩვენებლის გაზრდა.
მინდა მივმართო ინვესტორებს და საქართველოს მოსახლეობას, რომ მივცეთ ჩვენს ქვეყანას იმის შანსი, რომ უფრო მეტი გენერაცია მოახდინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს იმპორტის განხორციელება მეზობელი რუსეთიდან”, - ამბობს მაია მელიქიძე.