ბიზნესი და ხელისუფლება ისევ მსჯელობს, ჩატარდება თუ არა მესამე CFD აუქციონი. GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება 100%-ით მიღებული არ არის.
არადა, გასულ კვირაში, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, CFD აუქციონები, რაც ენერგეტიკის ინვესტორების წახალისების მექანიზმს წარმოადგენს, აღარ გამოცხადდება.
მელიქიძე კი, bm.ge-სთან ამბობს, რომ მსჯელობა მიმდინარე პროცესშია და იმედოვნებს, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
"ძალიან მისასალმებელია, რომ ლევან დავითაშვილი არის ძალიან აქტიური ენერგეტიკულ სექტორთან კომუნიკაციაში. ერთი შეხვედრა უკვე შედგა, რომელიც ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელობით ჩატარდა და წარმოდგენილები იყვნენ არა ერთი მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენელი სექტორიდან. ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დაისვა მესამე CFD აუქციონის ჩატარების აუცილებლობა, რადგან აუქციონი იმთავითვე ნიშნავს გამჭვირვალობასა და კონკურენციას, რა თქმა უნდა ბიზნესის მონაწილეებს აქვთ დიდი სურვილი, რომ კონკურენციაში იყვნენ ერთმანეთთან.
ახლა შესაძლებელია 2 ვარიანტი განვიხილოთ: ერთია დარჩენილ 400 მეგავატზე (სრული აუქციონი 1 500 მეგავატს მოიცავდა) გაფორმდეს პირდაპირ ხელშეკრულება და ასე მიეცეს ბიზნესს შესაძლებლობა, ეს 400 მეგავატი აითვისოს, ან ჩატარდეს აუქციონი. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ იქნებ ისევ ჩატარდეს აუქციონი, რადგან CFD თავისი შინაარსითა და არსით არის წამახალისებელი მექანიზმი. მე ვიტყოდი, ეს არ არის საკმარისი და ვისურვებდი არსებობდეს სხვა, წამახალისებელი მექანიზმებიც", - განაცხადა მელიქიძემ.
bm.ge-ის კითხვაზე, რა არის მიზეზი, რის გამოც ბიზნესისთვის CFD აუქციონი უფრო მისაღებია, მელიქიძე ამბობს, რომ ეს უკვე თამაშის შეთანხმებული წესებია და ამასთან, უფრო მაღალია კონკურენციაც.
"ჩამოყალიბების პროცესშია, ეს არის მოლაპარაკების საგანი დღეს. ბიზნესს ურჩევნია არსებობდეს კონკურენცია და ვითამაშოთ წესებით, რომელიც დადგენილია, გამჭვირვალეა და კონკურენტუნარიან გარემოს აჯანსაღებს, წავიდეთ იმ გზით.
მედიანური ტარიფი, რომელიც დადგინდა, ბიზნესის თვალსაზრისით არ არის სახარბიელო. როცა ბიზნესი ინვესტიციას ახორციელებს, მას აქვს მოლოდინი, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ექნება უკუგება. ახლა ეს წლების რაოდენობა გაიზრდება. ეს არის მთავარი არგუმენტი ბიზნესის მხრიდან, რომ ჩადებული ინვესტიციის ამოღება მოხდეს მოკლე დროში და მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთარი თანხის დივერსიფიცირება მოახდინოს. პირდაპირ გაფორმებას კი, განვიხილავთ ალტერნატივად. იმედი გვაქვს, რომ კონსენსუსამდე მივალთ. ჩვენი პოზიციაა, რომ უნდა ჩატარდეს მესამე CFD აუქციონი. თუმცა, თუ ამაზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი, შევთავაზებთ სხვა ალტერნატივას. იმის მიხედვით რაზე შეჯერდება ბიზნესი, რომელი იქნება მათთვის ოპტიმალური", - განაცხადა მელიქიძემ.
შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სიმძლავრის მეორე აუქციონის შედეგები ასეთია:
- ჰიდროელექტროსადგურები მოდინებაზე, მედიანური ტარიფი - 6,50 აშშ ცენტი
- მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურები, მედიანური ტარიფი:
- (1-4 სთ) – 7,50 აშშ ცენტი
- (4-8 სთ) – 7,74 აშშ ცენტი
- (8სთ>) – 10,35 აშშ ცენტი
- ქარის ელექტროსადგურები, მედიანური ტარიფი - 6,00 აშშ ცენტი
- ქარის ელექტროსადგურები ბატარეებით, მედიანური ტარიფი - 8,60 აშშ ცენტი
- მზის ელექტროსადგური, მედიანური ტარიფი - 5,60 აშშ ცენტი
- მზის ელექტროსადგური ბატარეებით, მედიანური ტარიფი - 6,39 აშშ ცენტი
- სხვა განახლებადები, მედიანური ტარიფი - 15,35 აშშ ცენტი.
CFD აუქციონი გამოცხადდა 800 მგვტ სიმძლავრეზე, მათ შორის:
ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) – 300 მგვტ; საათობრივი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური (1-4 სთ) – 50 მგვტ; დღიური რეგულირების ჰიდროელექტროსადგური (4-8სთ) – 100 მგვტ; დღეზე მეტი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური (8სთ >) - 150 მგვტ; ჰიდროელექტროსადგურები მოდინებაზე - 100 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები - 125 მგვტ; მზის ელექტროსადგურები - 125 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) – 70 მგვტ; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) – 70 მგვტ; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.
აუქციონზე 147 პროექტი იქნა წარმოდგენილი, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 1915,76 მგვტ, ხოლო შეფასების ეტაპზე გადავიდა 144 პროექტი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1865,31 მგვტ იქნება.