სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულების - ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორის და გენერაციის განცალკევებასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულებაზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს.
სსე-ის სისტემათაშორისი ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო ინტერკონექციის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ამ ეტაპზე ენერგოგაერთიანებასთან განცალკევების მოდელის შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს. ნოდარ რუაძის თქმით, საბოლოო მიზანია, რომ ერთსა და იმავე სახელმწიფო უწყების მართვის ქვეშ არ იყოს მსხვილი გენერაციის ობიექტები და გადაცემის სისტემის ოპერატორი.
ნოდარ რუაძე აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ენერგეტიკული გაერთიანების მხრიდან მხოლოდ ე.წ დარღვევის ვალდებულებაა დაწყებული და ორგანიზაციას სახელმწიფო ელექტროსისტემა ჯერჯერობით არ დაუჯარიმებია.
„გადამცემი სისტემის ოპერატორის და გენერაციის ობიექტების განცალკევების ვალდებულებამ იმაზე მეტი დრო მოითხოვა, ვიდრე ეს ენერგეტიკული გაერთიანების მიერ იყო განსაზღვრული მათი წევრებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. მოდელი, რომელიც შეირჩა, ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ამ ეტაპზე არ მოიწონა. ახლა უკვე მიმდინარეობს მათთან აქტიური თანამშრომლობა და ისეთი მოდელის შეთავაზება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ განცალკევების ის მოთხოვნები, რომელიც ევროგაერთიანების წევრობიდან გამომდინარე გვაქვს აღებული, შესრულდეს. ელექტროსისტემა არ დაჯარიმებულა, უბრალოდ დარღვევის პროცესი წამოიწყეს. დაჯარიმება უკიდურესი ფორმაა და ჩვენ გვჯერა, რომ აქამდე საქმე არ მივა.
განცალკევების რამდენიმე მოდელია შეთავაზებული, რომელიც ენერგეტიკული გაერთიანების მხრიდან უნდა იქნეს მოწონებული. არის რამდენიმე მოდელი, რომელიც მოლაპარაკების სტადიაზეა. განცალკევება გულისხმობს იმას, რომ ელექტროენერგიის გადაცემა და გენერაცია უნდა გაიყოს ერთმანეთისგან, ანუ არ უნდა იყოს ერთი სახელმწიფო რგოლის ქვეშ. ამიტომ, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას შორის გადანაწილდება გენერაციის საწარმოები და გადაცემის სისტემის ოპერატორი“, - განაცხადა ნოდარ რუაძემ.
ცნობისთვის, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის და გენერაციის ობიექტების განცალკევების შეუსრულებლობის საკითხზე Energy Community-მ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ დარღვევის პროცედურა შარშან თებერვალში დაიწყო.
სახელმწიფო ელექტროსისტემაში განმარტავდნენ, რომ აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად უკვე მომზადებულია ცვლილების პროექტები. უწყებაში აცხადებდნენ, რომ პროექტის თანახმად, ეროვნული ქონების მართვის სააგენტოს გადაეცემა გენერაციის ობიექტების მართვის უფლება, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო კვლავ განახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორის აქციონერის უფლებამოსილებას. შედეგად კი ელექტროენერგიის გენერაციისა და გადაცემის აქტივობები ერთმანეთისგან განცალკევდება.