ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სურვილია, საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბირჟა რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას. „ბაზრის გახსნა 6-ჯერ გადაიდო, რაც უარყოფითი ტენდენციაა“, - აცხადებს BMG-სთან ინტერვიუში საქართველოში Energy Community-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სალომე ჯანელიძე.
მისი თქმით, გაერთიანებას მიაჩნია, რომ ბაზრის გახსნის არსებული მოდელის კონცეფცია უნდა გადაიხედოს, რა წინადადებაც უკვე შესთავაზეს საქართველოს მთავრობას.
„მიგვაჩნია, რომ ის ბაზრის მოდელის კონცეფცია, რომელიც დღეს არსებობს, სავარაუდოდ არის გადასახედი. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე 6-ჯერ გადაიდო ბაზრის გახსნა, სავარაუდოდ თავად კონცეფციაში შეიძლება იყოს რაღაც ისეთი გამოწვევები, რომელიც ხელს უშლის, ბაზრის გახსნას. ჩვენი წინადადება მთავრობის მიმართ, სამინისტროს მიმართ იყო, რომ ხომ არ სჯობია, ყველანი ერთად დავსხდეთ, გავაანალიზოთ, რა ტიპის პრობლემები შეიძლება მოდიოდეს კონცეფციასთან და ხომ არ გადავახალისოთ ის იმისთვის, რომ მივიღოთ უფრო ისეთი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ნამდვილად გაიხსნას ბაზარი 2024 წლის 1 ივლისს“, - აცხადებს „საქმის კურსთან“ ინტერვიუში საქართველოში Energy Community-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სალომე ჯანელიძე.
არსებული მოდელით, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე არსებული ორმხრივი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიით ვაჭრობასთან ერთად შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიით ვაჭრობა დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე. ახალი ბაზრის მოდელით შეიცვლება ზოგიერთი მთავარი პრინციპი: თუ ახლა ელექტროენერგიით ვაჭრობა ხდება თვეში ერთხელ, ახალი ბაზრის პირობებში ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ყოველსაათობრივად განხორციელდება. ამასთან, ბაზრის მონაწილე თავად გააკონტროლებს, რა ოდენობის ელექტროენერგია გაყიდოს, ან რა ოდენობის ესაჭიროება შესაძენად.
საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა რამდენჯერმე გადავადდა. დღით ადრე ბაზრის, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისა და დღიური ბაზრის გაშვება ამჯერად 2024 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, გადავადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი რეგიონში არსებული გამოწვევებია.