"ბაზრის გახსნის მიმართ სექტორში დიდი მოლოდინები არ არსებობს, რადგან არსებული მოდელით რეალური საბაზრო ფასის დადგენა შეუძლებელია", - ამის შესახებ BMG-სთან კომპანია „უსასრულო ენერგიის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ბახტურიძე საუბრობს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ინვესტორებისთვის პროგნოზირებადობისა და გამჭვირვალობის გარანტი უნდა ყოფილიყო, დარგის ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები პროცესს სკეპტიციზმით უყურებენ.
თორნიკე ბახტურიძის თქმით, ბაზრის გახსნის ვადების გადაწევას სექტორში დიდი პროტესტი არ მოჰყოლია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არც სახელმწიფო და არც კერძო სექტორი ამ ეტაპზე პროცესისთვის მზად არ არის.
„ჩემს გულწრფელ შთაბეჭდილებას გეტყვით - ბაზრის გახსნამ რამდენჯერაც გადაიწია და დააგვიანა, არავის არ მოუკითხავს ეს დიდი წუხილით - რომ აი, ბაზარი არ გაიხსნა და რა ცუდია. მე მახსოვს არაერთი შეხვედრა, სადაც გამოთქმულა ისეთი აზრები, რომ არ არსებობს სტეიკჰოლდერი, რომელიც ძალიან დიდი აღტაცებით ელოდება ბაზრის გახსნას არც სამთავრობო მხრიდან და არც კერძო სექტორის მხრიდან,“ - ამბობს ბახტურიძე BMG-სთან.
მისივე განმარტებით, ლიკვიდური ბაზრის ჩამოყალიბება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რასაც ხშირად მეზობელ ქვეყნებთან ინტეგრაციაც სჭირდება.
„მე ძალიან მიყვარს სლოვენიის მაგალითი, რომელიც ზომით ჩვენი შესაბამისი ქვეყანაა. მათ ბაზარი გაუშვეს, თუმცა ლიკვიდობის პრობლემა მანამ ვერ აღმოიფხვრა, სანამ სლოვენიის ბაზარი არ ინტეგრირდა იტალიის ბაზართან. ეს ცალსახად შველა იქნებოდა ჩვენთვისაც - რეგიონულ კონტექსტში რომ გვქონდეს იმედი რომელიმე მეზობელ ქვეყანასთან ბაზრების გაერთიანების. თუმცა ეს ღრმად პოლიტიკური და ტექნიკური საკითხია.“
მისივე თქმით, საყურადღებოა ფასწარმოქმნის მექანიზმიც - სანამ ქვეყანაში თბოსადგურებისთვის „სოციალური გაზი“ არსებობს, ბაზარი სამართლიან ფასს ვერ დააფიქსირებს.
„ბაზარს ყველაზე მთავარი ფუნქცია აქვს - დაადგინოს ფასი კონკრეტულ საათში. თუკი ბაზარი იმ მოცემულობით გაიხსნება, როგორც დღესაა ჩაფიქრებული, ის ვერ დაადგენს სამართლიან საბაზრო ფასს. რატომ? იმიტომ, რომ თბოსადგურების ფასი არის სუბსიდირებული, ეს კი გამორიცხავს ფასის საბაზროობას - ეს იქნება მანიპულირებული ფასი.
თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ რეალური საბაზრო ფასი, მაშინ ყველა მოთამაშემ უნდა ივაჭროს ბაზრის პრინციპებით. მაშინ მივიღებთ ფასს არა 5-6 ცენტის ფარგლებში, არამედ შეიძლება 8-9 ცენტიც ვიხილოთ. ეს ყველას აშინებს - ინდუსტრიასაც და სამთავრობო უწყებებსაც. ამიტომ, თუ გადავწყვეტთ ბაზრის გახსნას, ეს უნდა გავაკეთოთ სრულფასოვნად, თუ არა - საერთოდ არ უნდა გავაკეთოთ, რადგან მივიღებთ იმას, რომ ბაზარი თითქოს არის, მაგრამ რეალურად არ მუშაობს“ - განმარტავს თორნიკე ბახტურიძე.
საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბირჟის გახსნა 7-ჯერ გადავადდა. ამ ეტაპზე, მისი სრულფასოვანი ამოქმედება 2027 წლის 1 ივლისამდეა გადავადებული.
2024 წლის 1 ივლისიდან კი, ბირჟა გარდამავალი მოდელით, სატესტო რეჟიმში მუშაობს.




























