მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგეტიკული ბირჟის გააქტიურების ორი გზა არსებობს - მარიამ ჩახვაშვილი

მარიამ ჩახვაშვილი

ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი 2024 წლის პირველი ივლისიდან მოქმედებს. ბაზრის კონცეფციის მიხედვით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან საბალანსო ბაზარი უნდა გაიხსნას და ზოგიერთმა ბაზრის მონაწილემ ენერგეტიკულ ბირჟაზე სავალდებულოდ უნდა ივაჭროს, თუმცა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თვის დასაწყისში bm.ge-სთან განაცხადა, რომ მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან ოპტიმალური მოდელის შემუშავებაზე მიმდინარეობს. მათი სურვილია, რომ ვადამ არ გადაიწიოს და პირველ ივლისს გაიხსნას საბალანსო ბაზარი, თუმცა შესაძლებელია, რომ ბაზარზე სავალდებულო მონაწილეობის პრინციპები გადაიხედოს.

Galt&Tagart-ის კვლევების სექტორის უფროსიც ენერგეტიკული ბირჟის გარკვეული მოდიფიკაციებით გახსნის მომხრეა. მისი თქმით, პლატფორმაზე ელექტრენერგიის ყიდვა-გაყიდვა ალბათ გარკვეული პირებისთვის სავალდებულო იქნება, თუმცა მათრახის პოლიტიკაზე მეტად, ის სტიმულების მომხრეა. მარიამ ჩახვაშვილი თვლის, რომ უნდა გააქტიურდეს უბალანსობაზე პასუხისმგებლობა და პლატფორმა საათობრივ ანგარიშსწორებაზე გადავიდეს.

"ჩემი აზრითაც ბაზარი არ გაიხსნება სრული დატვირთვით და რაღაც მოდიფიკაციას ექნება ადგილი, ალბათ საბალანსო ბაზარი გაიხსნება, რომ ამ კონცეფციასაც შევეჩვიოთ. კარგი იქნება თუ უბალანსობის დაანგარიშება საათობრივად მოხდება და ამ პრაქტიკასაც გავივლით. თუ არ გადავედით რაღაცნაირად საათობრივ ანგარიშსწორებაზე აქტიური ვაჭრობა არ იქნება, თუმცა რაღაც პრაქტიკა რომ იქნება, უკვე კარგია. სავალდებულო იქნება გარკვეული პირებისთვის, თუმცა გააჩნია ვისთვის იქნება, რომ ეს ფასი რაც ბირჟაზე დაჯდება, იყოს სწორი სიგნალების მომტანი. სავალდებულო არ უნდა იყოს ისეთი კომპანიებისთვის, ვინც დამახინჯებულად გააკეთებს ბიდინგს ამ ბაზარზე. ბაზრის მთავარი აზრი არის ის, რომ ფასისმიერი სწორი სიგნალები წავიდეს ბაზარზე, ამიტომ მაქსიმალურად ისე უნდა გაკეთდეს, რომ სწორი ფასდადება გამოჩნდეს.

ორი გზა არის, რომ გააქტიურდეს პლატფორმა: ერთი, რომ სავალდებულო გახადო, რაც ცოტა მათრახის პოლიტიკაა და მგონია, ჯობია სტიმული ჰქონდეს. მეორე არის, რომ საათობრივი ანგარიშსწორება ხდებოდეს. თუ საათობრივად ყველა კომპანია პასუხისმგებელი იქნება, რომ თავისი ნათქვამი შეასრულონ, მაშინ უფრო მეტად მონდომებული იქნება, რომ შეამციროს ვაჭრობის პერიოდი. ერთი თვით ადრე შეუძლებელია დაგეგმო, ამიტომ ვაჭრობის პერიოდის შევიწროება იმისთვისაა, რომ დაგეგმვას მოარგო შენი ვაჭრობა“, - აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.

საბოლოოდ, რა მოდელით გააგრძელებს 1 ივლისიდან ენერგეტიკული ბირჟა მუშაობას, მთავრობას გადაწყვეტილება ჯერ ამაზე მიღებული არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები