მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცნობილია თუ არა, რა მოდელით გააგრძელებს ენერგეტიკული ბირჟა მუშაობას 1 ივლისიდან? - განმარტება

გალდავა

ენერგეტიკული ბირჟის სრულყოფილ გახსნამდე 2 თვეზე ცოტა მეტი დროა დარჩენილი, თუმცა ჯერ კიდევ ღიად რჩება რამდენიმე საკითხი. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი ამ ეტაპზე ვერ საუბრობს, რა მოდელით გააგრძელებს მუშაობას ბირჟა და არც იმას ადასტურებს, რომ მისი გახსნის გადავადებაზე მიდის საუბარი.

„კონცეფციაში არის ასეთი ჩანაწერი, რომ 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა გვაქვს ჩვენ გამოცდილება რეფორმის არაერთხელ გადადების ბაზრის გახსნის სხვადასხვა ეტაპზე. 1 ივლისიდან უნდა გაიხსნას, თუმცა რეალობაში რა მოხდება, ამაზე პასუხი მე ჯერჯერობით არ მაქვს.

კითხვაზე - გადავადებაზე ისევ მიდის თუ არა საუბარი, გალდავა პასუხობს:

"ვერ გეტყვით. უბრალოდ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით 1 ივლისის შემდგომ ამოქმედდება თუ არა ის მოდელი, რომელიც არის დაგეგმილი. იმედი მაქვს, რომ ეს ასე მოხდება“.

ბაზრის არსებული კონცეფციის მიხედვით, 1 ივლისიდან საბალანსო ბაზარი და უბალანსობაზე პასუხისმგებლობა უნდა ამოქმედდეს. ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის შემდეგი ეტაპი ასევე ითვალისწინებს ბირჟის პლატფორმაზე ბაზრის ზოგიერთი მონაწილის სავალდებულო ვაჭრობას, თუმცა როგორც ჩანს, არც ეს საკითხია დღეის მდგომარეობით გადაწყვეტილი. ირაკლი გალდავა უშვებს, რომ ბირჟაზე ვაჭრობა შესაძლოა, სავალდებულო არ იყოს.

„ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება შეიძლება არ არსებობდეს. უბრალოდ ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება არის შექმნილი იმისთვის, რომ საჯარო მომსახურების ვალდებულება განხორციელდეს და არა იმიტომ, რომ ბირჟაზე უნდა ივაჭრონ. რა თქმა უნდა, ვუშვებ, რომ შესაძლებელია ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულების გაუქმება, არავის ექნება ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება, დარჩება მხოლოდ საჭიროება და სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ორმხრივი ხელშეკრულებების ალტერნატივად ბირჟაზე ვაჭრობა, რადგან ეს შეიძლება იყოს მოგებიანი მათთვის. როგორც მწარმოებლების მხარეს, ისე მყიდველების მხარეს.

მე ვამბობ, რომ შეიძლება ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება არ არსებობდეს. ეს არანაირად პრობლემა არ არის ბირჟისთვის. ის იმუშავებს ისე, როგორც მუშაობს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ვაჭრობის ვალდებულება არ არის. მასშტაბი იქნება მცირე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბირჟაზე წარმოქმნილი ფასი არ იქნება სამართლიანი. ის იქნება ისეთივე სამართლიანი, რომელიც დაემყარება მოთხოვნას და მიწოდებას იმ კონკრეტულ პერიოდში“, - აცხადებს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი.

რა მოდელით გააგრძელებს ენერგეტიკული ბირჟა მუშაობას ან ხომ არ გადავადდება მისი სრულყოფილი გახსნა, ამაზე ზუსტი პასუხი დღეს არ არსებობს. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა შეაფასოს, საჭიროებს თუ არა ბირჟის არსებული მოდელი გადახედვას და მზად არის, თუ არა ქვეყანა ბაზრის სრულყოფილი გახსნისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები