10 დღეზე ნაკლები რჩება ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე ბირჟის ე.წ სრულად გახსნამდე. პირველი ივლისიდან ენერგეტიკული ბირჟა სამიზნე მოდელზე უნდა გადავიდეს, თუმცა სავარაუდოდ, რეფორმას ეკონომიკის სამინისტრო კიდევ გადადებს.
"თრეიდინგ სოლუშენის" მმართველი პარტნიორი მერაბ ლომინაძე გვეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, მთავრობაში ამ საკითხზე ჯერ კიდევ მსჯელობენ.
“ჩემი ინფორმაციით აზრი უფრო იხრება იმისკენ, რომ რეფორმის გადადება მოხდეს. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. თუნდაც ის, რომ ენგურჰესი ნაწილობრივ დე ფაქტო ადმინისტრაციის მმართველობის ქვეშ გახლავთ. ამავდროულად ზამთრის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია იმპორტირებული ელექტროენერგიის ან იმპორტირებულ გაზზე გენერირებული ელექტროენერგიის წილი. საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ, რომ ბაზრის დიდი ნაწილი ე.წ PPA-ებით მოქმედებს. შესაბამისად, თავისუფალი ბაზრისთვის საკმაოდ მცირე რაოდენობის ელექტროენერგია რჩება. ჩემი გათვლებით ის არ აღემატება 12-14%-ს. სწორედ ეს შეიძლება მოექცეს თავისუფალ ვაჭრობაში. 12-14%-ის გამო ტურბულენტურ გარემოში, რაც ჩვენს რეგიონშია, დამატებითი რეფორმა ლიბერალიზაციის მიმართულებით ვფიქრობ, გამართლებული არ იქნებოდა", - ამბობს ლომინაძე.
არაერთი მიმართვის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროში არ გვითხრეს კიდევ გადავადდება თუ არა რეფორმა.
ბაზრის სრულად ამოქმედება სამიზნე მოდელზე სრულად გადასვლა ნიშნავს, რომ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა. სამიზნე მოდელში, ასევე გათვალისწინებულია საათობრივი დაბალანსების ვალდებულებაც.
“გვგონია, რომ სრული მოდელის ამოქმედება წელს არ მოხდება და ისევ რაღაც შუალედურ მოდელზე დავრჩებით. კომპანიების მზაობა არც ისეთი მაღალია, კითხვები ჯერ კიდევ ბევრია. თუნდაც ის, რა შეიძლება მოუვიდეს საბითუმო ელექტროენერგიის ფასს, ეს საკმაოდ რთულად პროგნოზირებადია. ჩვენს კვლევაში გაანალიზებული გვაქვს ის ფაქტი, რომ თუ გადავედით საათობრივ ვაჭრობაზე და დღითადრე ბაზარი გახდა ე.წ reference price, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ფასის მდგენელი იქნებიან თბოსადგურები ან ექსპორტის დროს ექსპორტის საშუალო ფასი, ეს დღევანდელი მაჩვენებლიდან შეიძლება დაკლებასაც კი ნიშნავდეს, არა თუ გაზრდას. მაგრამ არიან ბაზრის მონაწილეები, რომლებსაც პირიქით ჰგონიათ, რომ ბაზარი როცა გაიხსნება, გაიზრდება ფასიც,"- ამბობს Galt & Taggart კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი, მარიამ ჩახვაშვილი.
6-ჯერ გადავადების შემდეგ, თითქმის ერთი წელია საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა გადარდამავალი მოდელით მუშაობს, თუმცა აქტივობა ძალიან დაბალი აქტივობით. შარშან ჯამში 17.5 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია გაიყიდა ანუ მთლიანი მიწოდების მხოლოდ 0.1%. ამის მიუხედავად, სემეკის ინფორმაციით, ბირჟაზე ვაჭრობით კომპანიებმა 400 ათასი ლარი დაზოგეს. შარშან ბირჟის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე დაახლოებით 13 თეთრი იყო. 2 თეთრით ნალები საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე. ტრადიციულად ყველაზე მეტი ელექტროენერგია ზაფხულის თვეებში იყიდება, როცა ქვეყანას ადგილობრივი გენერაცია ჭარბად აქვს. ენერგეტიკულ ბირჟის ვაჭრობის სტატისტიკაზე დაკვირება აჩვენებს, რომ აპრილ-ივნისში ვაჭრობა გააქტიურებულია. აპრილ-ივნისში ბირჟაზე ჯამში 90 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიყიდა. ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი ირაკლი გალდავა გვეუბნება, რომ ივლისამდე გაყიდული დენის მოცულობა 115 მლნ კვტ.სთ-მდე გაიზრდება.
"როგორც მოსალოდნელი იყო აპრილიდან გააქტიურდა ვაჭრობა, ამის მიზეზი არის ის რომ წარმოების შესაძლებლობები გაიზარდა. ჩვენი ელექტროსადგურები მეტ ენერგიას აწარმოებენ და ასევე წარმოების გარდა გაჩნდა დამატებითი ელექტროსადგურები, რომლებსაც აქვთ უფლება გაყიდონ ელექტროენერგია, როგორც ორმხრივი ხელშეკრულებით, ასევე ბირჟაზე. შედეგად ვხედავთ, რომ უკვე აპრილი, მაისი, ივნისი საკმაოდ დიდი რაოდენობით ვაჭრობა ხდება თუ შევადარებთ თუნდაც მთელ წინა წელს", - ამბობს გალდავა.
დღეის მდგომარეობით ბირჟაზე ჯამში 24 მყიდველი და გამყიდველია რეგისტრირებული. კითხვაზე ელიან თუ არა ელექტროენერგიის მწარმოებლების ან მყიდველების ზრდას, ბირჟის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზრდა იქნება, თუმცა არა იმ მასშტაბის, რაც რეფორმის სრულად ამოქმედების შემთხვევაში იქნებოდა.
“ვფიქრობ, დროთა განმავლობაში აქტიურობა შეიძლება გაიზარდოს, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ვერ მიაღწევს იმ მასშტაბებს, რაც სამიზნე მოდელში შეიძლება იყოს მოსალოდნელი", - გვეუბნება ირაკლი გალდავა.
ენერგეტიკული ბირჟის სრულყოფილად ამუშავება ნაწილია იმ დიდი რეფორმის, რამაც საქართველოს ენერგეტიკის სექტორში კონკურენტული გარემო უნდა ჩამოაყალიბოს და საინვესტიციო კლიმატი გააუმჯობესოს. იმისთვის, რომ ეს სექტორი და მისი მარეგულირებელი კანონმდებლობა ევროპულს დაუახლოვდეს, ამისთვის არსებობს ენერგეტიკული გაერთიანება, რომელიც აქტიურად აკვირდება ბირჟის მუშაობას და მოელიან, რომ ბაზრის სამიზნე მოდელზე გადასვლა დაჩქარდება. თუმცა წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მთავრობამ რეფორმა სრულად აამოქმედოს.



























