მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჩამოწერილი ჯარიმა სრულად უნდა მოხმარდეს ენერგოპროექტების განხორციელებას - მარიამ ქვრივიშვილი

ქვრივიშვილი

"ოცნების" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ ენერგეტიკული სექტორისთვის 1 მლრდ. ლარის ჯარიმების ჩამოწერა სახელმწიფოს მხრიდან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. როგორც ის სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში აღნიშნავს, ეს ინვესტორებს, მცირე, საშუალო და მსხვილ მეწარმეებს საშუალებას მისცემს, ენერგეტიკული პროექტები კიდევ უფრო სწრაფად განახორციელონ.

"გადაწყვეტილება პროცესის გამჭირვალობას უზრუნველყოფს. ამით სახელმწიფო კერძო სექტორთან მიმართებაში სრულიად ახალ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე გადადის,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრის ინიციატივის თაობაზე სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი 1 მლრდ ლარის ოდენობის ჯარიმის დათქმით ჩამოწერასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში მონაწილეობს.

როგორც მინისტრმა განმარტა, ენერგეტიკის სექტორს საქართველოს ეკონომიკაში გამორჩეულად დიდი ღირებულება და მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, სახელმწიფო ცდილობს, მაქსიმალურად უზრუნველყოს ყველა იმ არსებული ბერკეტისა და შემაფერხებელი გარემოების აღმოფხვრა, რაც ენერგეტიკული პროექტების განხორციელების ტემპის დაჩქარებას განაპირობებს.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმის ჩამოწერა განსაზღვრული დათქმით ხდება.

„დათქმა ითვალისწინებს ინვესტორების მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩამოწერილი ჯარიმის სრულად აღდგენას, ისევე როგორც ახალი საურავების დარიცხვას, რომელიც დაკავშირებული იქნება, მათ შორის, შეუსრულებელ ვალდებულებასთან. ჩამოწერილი ჯარიმები სრულად უნდა მოხმარდეს ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას დააჩქარებს,“ - აღნიშნა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები