მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობისთვის უფრო მეტად ხუდონჰესის პროექტზე უნდა ვიფიქროთ - ლევან ვეფხვაძე

ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე, ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის განვითარებისთვის მსხვილი ენერგოპროექტების, განსაკუთრებით კი ხუდონჰესის მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობს.

მისი თქმით, ხუდონისა და ენგურის ერთობლივი მუშაობა, სისტემისთვის გაცილებით მაღალ ეფექტს იძლევა.

ბიზნეს ასოციაციის დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე სახელმწიფო განიხილავს პროექტის განხორციელების სხვადასხვა მოდელს: იქნება ეს სრულად სახელმწიფო ინვესტიცია, კერძო სექტორის მიერ განხორციელებული პროექტი, თუ შერეული ტიპის პარტნიორობა.

ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ პროცესში მხოლოდ ინვესტორის ჩართულობამ ამ დრომდე არ გაამართლა, ამიტომ საუკეთესო ვარიანტი კერძო-საჯარო თანამშრომლობის ფორმატია.

“მაგალითად იქნა ხუდონი მოყვანილი, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ხუდონი არის ის, რომელზეც ალბათ უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ განხორციელების თვალსაზრისით, იმიტომ, რომ ხუდონი თავის მხრივ ზრდის ენგურჰესის გამომუშავების შესაძლებლობას და აქედან გამომდინარე, ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობისთვის ხუდონს გაცილებით მეტი წონა და მნიშვნელობა აქვს. ცხადია, არ ვაკნინებ სხვა სადგურების მნიშვნელობას, თუმცა ამ მხრივ აი ეს ე.წ კონგლომერატი, ასე ვთქვათ, ენგური და ხუდონი, იძლევა ძალიან საინტერესო შედეგს.

სახელმწიფო ახლა განიხილავს, როგორ შეიძლება წავიდეს: ეს იქნება მხოლოდ ინვესტორი, იქნება ინვესტორი და სახელმწიფო თუ მხოლოდ სახელმწიფო და ასე შემდეგ. ყველა მოდელს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს და აქედან გამომდინარე მიიღებს სახელმწიფო, ალბათ, გადაწყვეტილებას.

თუ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაღაც ფორმით კერძო ინვესტორი უნდა ჩაერთოს ამ პროექტის განხორციელებაში და მე მიმაჩნია, რომ ალბათ სასურველი იქნება თუ მიიღებს მონაწილეობას კერძო ინვესტორი, იმიტომ, რომ ამით ეფექტიანობა იზრდება ყოველთვის, მაშინ სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, როგორ და რანაირად შეარჩიოს, რა კრიტერიუმებით შეარჩიოს ეს კერძო ინვესტორი და აქაც, ცხადია, სამუშაო ბევრი იქნება,”- აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები