მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ენერგო-პრო ჯორჯიას” შემოსავალმა ₾1 მილიარდს გადააჭარბა

63b68fc1d96c2
შოთა ტყეშელაშვილი
05.01.23 14:30
1609
საქართველოში ელექტროენერგიის უმსხვილესი მიმწოდებელი კომპანიის - “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის” მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ჯგუფის შემოსავალმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. "ენერგო პრო ჰოლდინგი" თბილისის გარდა, საქართველოს რეგიონების ელექტრომომარაგებაზე არის პასუხისმგებელი.

წინა წელთან შედარებით, კომპანიის შემოსავალი 337 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჯგუფის შემოსავალი ასე ნაწილდება:

• არასაყოფაცხოვრებო აბონენტების მომსახურება - 307 მილიონი ლარი;
• საყოფაცხოვრებო აბონენტების მომსახურება - 139 მილიონი ლარი;
• უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი - 233 მილიონი ლარი;
• საჯარო მომსახურების მიმწოდებელი - 211 მილიონი ლარი;
• ელექტროენერგიის განაწილება - 33 მილიონი ლარი;
• გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვა - 14 მილიონი ლარი;
• წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვა - 64 მილიონი ლარი;

“კომპანია შედის ჯგუფში, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ჩეხეთის რესპუბლიკაში და რომელიც ფლობს საქართველოს, ბულგარეთის, თურქეთის, შვეიცარიისა და კოლუმბიის ენერგოსექტორებში მოქმედ მრავალ საწარმოს. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის მშობელი კომპანია, 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, იყო „ენერგო-პრო ეი.ეს.“ („მშობელი კომპანია“). დაფუძნებისას მშობელმა კომპანიამ თავისი აქციების 49.9% სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ და სს „ეპ ჯორჯია გენერაციაში“ შეიტანა კომპანიის საწესდებო კაპიტალში და შეინარჩუნა დარჩენილი 50.1%. 2021 წლის 29 დეკემბერს მშობელმა კომპანიამ და კომპანიამ გააფორმეს მართვის ხელშეკრულება („მართვის ხელშეკრულება“), რის მიხედვითაც სს „ენერგო-პრო ჯორჯიაზე“ და სს „ეპ ჯორჯია გენერაციაზე“ სრული კონტროლი გადაეცა კომპანიას 2022 წლის 31 დეკემბრამდე. მშობელი კომპანიის აქციების 100%-ს ფლობს „დიკეი ჰოლდინგ ინვესტმენტს s.r.o.“ ამ უკანასკნელის აქციების 100%-ის მფლობელია ბატონი იარომირ ტესარი, რომელიც ამასთანავე კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა,”- ნათქვამია კომპანიის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშში.

“ენერგო-პროს” ფინანსურ ანგარიშში საუბარია მესტიის რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრ ზრდაზე, რაც კომპანიისთვის ფინანსურ ზარალს იწვევს, რადგანაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის. ამასთან, გაზრდილი მოხმარება რაიონში კომპანიის ელექტროგადამცემი ქსელის გადატვირთვას, მის დაზიანებას და პერიოდულ გათიშვებსაც იწვევს.

“2021 წელს მესტიის რაიონის ელექტროენერგიის მოხმარებამ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აქ ელექტროენერგიის მოხმარება 10,5 მლნ კვტ.სთ-ით არის გაზრდილი (2021 წლის მოხმარება 101,568,155 კვტ.სთ, 2020 წლის მოხმარება 91,117,245 კვტ.სთ). მოხმარების ზრდა გასულ წლებშიც არაგონივრულად მაღალი იყო, განსაკუთრებით 2019 წელს (98,177,402 კვტ.სთ), როდესაც მოხმარების 33,4 მლნ კვტ.სთით გაზრდა დაფიქსირდა 2018 წელთან შედარებით (64,832,376 კვტ.სთ). 2021 წლის დეკემბერში, მესტიის რაიონმა მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც იმავე პერიოდში, ერთად აღებულმა 18 რაიონის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებმა, ეს რაიონებია: ამბროლაური, ასპინძა, ონი, თიანეთი, დმანისი, აბაშა, ხარაგაული, ვანი, ჩხოროწყუ, ცაგერი, ლენტეხი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ჩოხატაური, ქედა, შუახევი, ხულო, დედოფლისწყარო. ელექტროენერგიის ესოდენ გაზრდილი მოხმარება, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქსელის მდგომარეობას და მომხმარებელთა უსაფრთხოებას. იმის გათვალისწინებით, რომ მაღალი ძაბვის არაერთი ქვესადგური თუ მაღალი ძაბვის ხაზი დატვირთულია 100% და მეტით, აშკარაა იმის საფრთხე, რომ მოხდეს მათი მწყობრიდან გამოსვლა, რაც ავტომატურად გამოიწვევს მესტიაში ათასობით აბონენტის ენერგომომარაგების ხანგრძლივ შეზღუდვას. ამის ნათელი მაგალითია 110 კვ ეგხ მოაში, რომელიც 2021 წლის ბოლოს მწყობრიდან გამოვიდა. მის აღდგენას დასჭირდა რამდენიმე დღე. ტექნიკურმა ჯგუფებმა მოკლე დროში შეასრულეს ურთულესი დავალება. ვერტმფრენის თუ სხვა სპეცტექნიკის საშუალებით მოახდინეს ავარიის ადგილის იდენტიფიცირება და მისი აღდგენა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად. კომპანიაში წარმოებული ანალიზი ადასტურებს, მოხმარების დრამატული ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის კრიპტივალუტის მწარმოებელი ფერმების მესტიაში არსებობა,”- ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები