მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენერგო პრო ჯორჯიაში“ გვითხრეს, რომ გასაჭირში არიან“ - რაზე საუბრობს ჩეხეთის ელჩი

5f83242238e23
თამთა ჯიჯავაძე
12.10.20 00:00
5151
უკვე წლებია ჩეხური კომპანია „ენერგო პრო ჯორჯია“ საქართველოს TOP-ინვესტორებს შორისაა, თუმცა ბოლო წლებში ჩეხეთიდან საქართველოში განხორციელებულ FDI-ს კლებადი ტენდენცია აქვს. მაგალითად, 2019 წელს ჩეხეთიდან 17,4 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო, მაშინ როდესაც 2017 წელს ეს მაჩვენებელი 129 მლნ დოლარი იყო. ინვესტიციების კლებად ტენდენციაზე და ზოგადად, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გამოწვევებზე Bm.ge და Forbes Georgia ჩეხეთის ელჩს პეტრ მიკისკას ესაუბრა.

„ჩეხეთი პატარა ქვეყანაა შეზღუდული რესურსებით; ჩვენ არ ვითვლით ასობით ინვესტორს, რომლებიც უცხოეთში მიდიან. ვფიქრობ, ასეთი ათობით კომპანიაა, ვინც ფოკუსირებულია კონკრეტულ პროექტებზე კონკრეტულ ქვეყნებში, ხოლო მათი ინვესტიციები ყოველთვის დაკავშირებულია სწორედ ამ კონკრეტულ პროექტებთან. ასე რომ, ლოგიკურია, თუ საქართველოში ჩამოდის ახალი ინვესტორი ან კომპანია, პირველადი ინვესტიცია უფრო მაღალია, ვიდრე - საოპერაციო. ვფიქრობ, ეს უბრალოდ, ერთგვარი ციკლია და არაა დაკავშირებული რაიმე შიდა პროცესებთან ან ფაქტორებთან, ალბათ უფრო თითოეული კომპანიის განვითარების სტრატეგიით აიხსნება. მაგალითად, როცა „ენერგო პრო ჯორჯია“ ჩამოვიდა საქართველოში, თავდაპირველად მათი ინვესტიციებიც იყო უზარმაზარი, შემდეგ დაიწყეს ოპერირება ბუნებრივია, რომ საოპერაციო ინვესტიციები უფრო დაბალია”, - აღნიშნა ელჩმა და იმედი გამოთქვა, რომ ჩეხეთიდან ინვესტიციების ზრდა მომავალშიც გაგრძელდება.

ამ ჭრილში დიპლომატმა აჭარაში Green Resort-ის პროექტი ახსენა, რომლის ფარგლებშიც ახალი საკურორტო ზონის აშენება იგეგმება. ელჩის თქმით, უკვე დაწყებულია პროექტის განხორციელება და ეს ბევრ ჩეხ ინვესტორს მოიზიდავს საქართველოში.

რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს გამოწვევებს, რომელიც შესაძლოა, ახალი ინვესტორების მოზიდვას აფერხებდეს, პეტრ მიკისკამ საქართველოს ბაზრის ზომა და კვალიფიციური მუშახელი გამოყო.

“ცოტა ხნის წინ გვქონდა დისკუსიები „ენერგო პრო ჯორჯიასთან” მათ საჭიროებებთან დაკავშირებით და გვითხრეს, რომ ამ კუთხით გასაჭირში არიან - ჩვენ უკვე ავიყვანეთ ყველა კარგი ელექტრო-ინჟინერი, მაგრამ კიდევ გვჭირდება და აღარ არიანო. ამ მხრივ, მთავრობა და ჩვენი საელჩო მხარს უჭერს თანამშრომლობას ჩეხეთის და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის, რათა ინჟინრების მომზადების დონე ამაღლდეს, განსაკუთრებით ჰიდროელექტროსადგურების მიმართულებით“, – აღნიშნა ელჩმა და დასძინა, რომ კურსდამთავრებული ინჟინრები სამსახურის შეთავაზებებს „ენერგო პრო ჯორჯიასგან“ მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები