სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ენერგოკომპანიები "თელასი" და "ენერგო-პრო ჯორჯია" თბილისისა და რეგიონების ენერგოქსელებში ჯამში 1.4 მილიარდი ლარის ინვესტიცია განახორციელებენ.
მისივე ინფორმაციით, თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, "ენერგო-პრო ჯორჯიას" საინვესტიციო გეგმა წლიურად დაახლოებით 100 მლნ ლარით შემცირდა, სხვა შემთხვევაში ნარმანია ამბობს, რომ ტარიფი დამატებით ერთი თეთრით გაიზრდებოდა.
"დედაქალაქში, „თელასის“ არეალში, ხუთი წლის განმავლობაში დამტკიცებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 400 მილიონ ლარს შეადგენს, რაც საშუალოდ წლიურ 80 მილიონ ლარს უდრის. რაც შეეხება „ენერგო-პროს“ ქსელს, თავდაპირველად წარმოდგენილი იყო წლიური 300 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია, თუმცა კორექტირების შედეგად საშუალო წლიურ მაჩვენებლად 200 მილიონი ლარი დამტკიცდა. შესაბამისად, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ხუთწლიანი საინვესტიციო გეგმა 1 მილიარდ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე, „ენერგო-პრომ“ აიღო დამატებითი ვალდებულება: კომპანია სამი წლის განმავლობაში, საშუალოდ წლიურად, დამატებით 43 მილიონ ლარს დახარჯავს ისე, რომ ამ თანხის ასახვას ტარიფში არ მოითხოვს. ჯამში, რეგიონების მომხმარებელთა კეთილდღეობისა და მომსახურების გაუმჯობესებას დამატებით 129 მილიონი ლარი მოხმარდება, რაც ტარიფზე გავლენას არ მოახდენს", - განაცხადა ნარმანიამ.
დღეს, 30 მარტს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაამტკიცა. შედეგად, მთელ ქვეყანაში მოსახლეობას დენის ტარიფი 5 თეთრით გაუძვირდა.
ნარმანია ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ოპტიმალურია როგორც მომხმარებლებისთვის, ისე სექტორში აუცილებელი ინვესტიციების განსახორციელებლად. მისივე თქმით, ორი წლის წინ ტარიფი 3 თეთრით შემცირდა და 2024-2025 წლების განმავლობაში ეს შემცირებული ტარიფი მოქმედებდა როგორც მოსახლეობისთვის, ისე კომერციული სექტორისთვის. აქედან გამომდინარე, ამბობს, რომ რეალურად ტარიფის დამატებით 2-თეთრიანი ზრდა გვაქვს.
ნარმანიას თქმითვე, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასური ტრადიციულად დაუსუბსიდირდება.
"მოსახლეობის სუბსიდირების ნაწილზე განცხადებას თავად მთავრობა გააკეთებს. მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე წელია, სახელმწიფო ასუბსიდირებს მოწყვლად მომხმარებლებს იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია. მთავრობა ამ კატეგორიის მოქალაქეებს ელექტროენერგიის გადასახადის გადახდაში ეხმარება. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ტარიფის მატების პირობებშიც, კომუნალური სუბსიდირების პროგრამა კვლავ გაგრძელდება", - ამბობს ნარმანია.




























