საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, 2022 წელს მომხმარებელთა მხრიდან შემოსული საჩივრების განხილვის შედეგად, ჯამში ენერგოკომპანიებმა მათ 1.5 მლნ ლარის თანხა დაუბრუნეს. ამის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა დღეს, მედიაცენტრ „მთავარში“ 2022 წლის შეჯამებისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სემეკში 2022 წელს კომპანიების წინააღმდეგ მომხმარებელთა მხრიდან 3 500-ზე მეტი განცხადება/საჩივარი შევიდა.
„შემოსული განაცხადებიდან ცალკეული საკითხები იყო, რომელიც კომისიის მიერ ცალკეული საკითხების გადაწყვეტას საჭიროებდა. კომისიის მიერ 1 000-ზე მეტი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მათგან გარკვეული ნაწილი მომხმარებელთათვის არასწორად დარიცხული, ან ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერას ეხებოდა. 2022 წელს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მომხმარებელს 1.2 მლნ ლარზე მეტი ჩამოეწერათ, ხოლო კომპენსაციის სახით, რაც მომსახურების ხარისხის კომერციული წესების დარღვევას ეხება დაახლოებით 270 000 ლარი იქნა გაცემული. შესაბამისად, ჯამში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით 1.5 მლნ ლარია ის თანხა, რომელიც მომხმარებელს დაუბრუნდა“, - განაცხადა ნარმანიამ.




























