მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოპროექტებზე პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობა სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი - ტარიფები ცნობილია

ჰესი კაშხალი

კერძო სექტორი ენერგეტიკულ პროექტებზე პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობას სექტემბრიდან შეძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით მიიღო. სწორედ პირდაპირი მოლაპარაკებები შეცვლის CFD აუქციონებს, რომელიც აქამდე სექტორის მხარდამჭერ მექანიზმად გამოიყენებოდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებულ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს, შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს მხარდაჭერის სქემის განახლებული პირობებით და აუქციონის გარეშე, სახელმწიფოსთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად მიიღოს ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ტარიფი ელექტროსადგურის პროექტის განსავითარებლად.

ამასთან, მთავრობის განკარგულებით დადგინდა ფიქსირებული ტარიფები, რომლითაც 15 წლის განმავლობაში, სახელმწიფოსთან ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლებს დაინტერესებული პირი.

ფიქსირებული მედიანური ტარიფები განისაზღვრა შემდეგნაირად:

  • ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) – 6,5 აშშ დოლარ ცენტი;
  • ქარის ელექტროსადგურები - 6,0 აშშ დოლარ ცენტი;
  • მზის ელექტროსადგურები - 5,6 აშშ დოლარ ცენტი;

ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, აღნიშნული ტარიფები განისაზღვრა სიმძლავრის მეორე აუქციონის შედეგად, სადაც დაფიქსირდა ინვესტორთა მაღალი აქტივობა, წარმოდგენილი განაცხადების ჯამური სიმძლავრე კი რამდენჯერმე აღემატებოდა გამოცხადებულ სიმძლავრეს. შესაბამისად, ფიქსირებულ ტარიფებად განისაზღვრა ამავე აუქციონში დადგენილი მედიანური ტარიფები.

„სიმძლავრის მეორე აუქციონმა აჩვენა, რომ ენერგეტიკული სექტორის დაინტერესება საკმაოდ დიდია და წარმოდგენილია ტარიფი, რომელიც დარგში ადაპტირებულია და მოემსახურება პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. შესაბამისად, თითოეულ დაინტერესებულ პირს საქართველოს მთავრობისგან ექნება მყარი მხარდაჭერა 15 წლის განმავლობაში ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე“, - აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სექტორის მხარდასაჭერად და უზრუნველყოფს ინვესტორთა დაინტერესებას როგორც ქართული, ისე უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.

უახლოეს პერიოდში სამინისტროს მიერ გამოცხადდება განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემით მოსარგებლეების პირდაპირი შერჩევა ჰიდროელექტროსადგურების (მოდინებაზე), ქარისა და მზის ელექტროსადგურების კატეგორიებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები