მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენგურჰესი" არ გაჩერებულა, ერთი აგრეგატი მუშაობს" - როგორია ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგება?

ენგურჰესი

"ენგურჰესი" არ გაჩერებულა, ერთი აგრეგატი მუშაობს მინიმალური სიმძლავრით. ამის შესახებ BMG-ს "ენგურჰესის" ტექნიკურმა დირექტორმა, გია ხუბუამ განუცხადა.

"ენგურჰესი გაჩერებული არ არის, ერთი აგრეგატი მუშაობს მინიმალურ დონეზე. რაც გვაქვს წყალი, იმას ვამუშავებთ",- განაცხადა გია ხუბუამ.

ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის და აფხაზეთის მომარაგების შესახებ, "ენგურჰესში" BMG-ის დამატებით უთხრეს, რომ წყლის დაბალი დონის გამო, ორივე სადგურს (ენგურჰესი და ვარდნილჰესი) მუშაობა ამ ეტაპზე მხოლოდ მდინარის ჩამონადენის შესაბამისი სიმძლავრით შეუძლია და შესაბამისად, როდესაც აფხაზეთის მოხმარებამ ამ მოცულობას გადააჭარბა, გენერატორები ავტომატურად გაჩერდა. ამჟამად კი აფხაზეთის ელექტრომომარაგება აღდგენილია.

"აფხაზეთის ელექტრომომარაგება ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მეშვეობით ხორციელდება. ენგურის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო, ორივე სადგურს მუშაობა ამ ეტაპზე მხოლოდ მდინარის ჩამონადენის შესაბამისი სიმძლავრით შეუძლია. შესაბამისად, როდესაც აფხაზეთის მოხმარებამ ამ მოცულობას გადააჭარბა, გენერატორები ავტომატურად გაჩერდა. ამჟამად აფხაზეთის ელექტრომომარაგება აღდგენილია, თუმცა აფხაზეთში დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ენგურჰესისა და ვარდნილჰესის სიმძლავრე უკვე აფხაზეთის მოხმარებას შეესაბამება. ამდენად, მოხმარება და მიწოდება სინქრონულად ხორციელდება",- აღნიშნავენ "ენგურჰესში".

საქმე ისაა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყლის დაბალი დონიდან გამომდინარე "ენგურჰესი" ელექტროენერგიას ვერ გამოიმუშავებს, ოკუპირებულ აფხაზეთს კი ელექტროენერგია კიდევ უფრო შეზღუდული გრაფიკით, 07:00- 21:00 საათის შუალედში მხოლოდ ორჯერ, 1 საათით და 24 წუთით მიეწოდება.

ამას წინ უძღოდა 9 დეკემბრიდან ამოქმედებული გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, ელექტროენერგიის მიწოდება დღეში მხოლოდ 4 საათი და 40 წუთი იყო.

ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების წყარო "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული და რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგიაა.

4 დეკემბერს "ჩერნომორენერგოს" ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ "ენგურჰესში" წყლის დაბალი დონის გამო რეგიონში შესაძლოა, ელექტროენერგია ავარიულად გათიშულიყო. მისივე ინფორმაციით, სიტუაციის დასასტაბილურებლად რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა იგეგმება.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა. ამასთან, მოსკოვი დე ფაქტო მთავრობას ელექტროენერგიას უფასოდ აღარ აძლევს, რამაც ოკუპირებულ რეგიონში ენერგოკრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები