მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენგურჰესი თავის უმთავრეს - პიკურ ფუნქციას ვერ ასრულებს - გია არაბიძე

ნეგურ

ჩატარებული რეაბილიტაციის მიუხედავად, ენგურჰესი ვერ ასრულებს თავის უმთავრეს - პიკურ ფუნქციას, რაც ქვეყანაში სხვა მსხვილი ჰესების არარსებობით არის გამოწვეული - ამის შესახებ BMG-სთან ენერგეტიკოსი გია არაბიძე საუბრობს.

მისი თქმით, პრობლემა არა მხოლოდ სადგურის ტექნიკურ გამართულობაში, არამედ სადგურის არასწორ ფუნქციურ დატვირთვასა და ქვეყანაში სხვა ალტერნატიული გენერაციის ობიექტების დეფიციტშია.

გია არაბიძის განმარტებით, ენგურჰესი ამჟამად იძულებით ასრულებს „საბაზისო სადგურის“ როლს, რაც მისი დანიშნულება არ არის.

„ჩვენ რომ გვქონდეს კიდევ დამატებით ხუდონი, ნენსკრა, ნამახვანი - წყალსაცავიანი ჰესები, ეტაპობრივად, ჩვენი ენგური დაუბრუნდებოდა იმ თავის ფუნქციას, რომელიც მის პიკურ მუშაობას ეკუთვნის. ენგური არ არის საბაზისო სადგური, ის პიკში უნდა მუშაობდეს მხოლოდ და მხოლოდ და მაშინ იქნება ეს ეფექტური. თუ ჩვენ ავაშენეთ სამივე წყალსაცავიანი ჰესი და გენერაციის ობიექტებს 10 000 მეგავატამდე გავზრდით, მაშინ ენგური დაუბრუნდება თავის ფუნქციას. ამ შემთხვევაში, თავისი შემოსავლებით ის რეაბილიტაციასაც შეძლებს და ქვეყნის პიკური ენერგიით მომარაგებასაც“ - ამბობს გია არაბიძე.

მისივე თქმით, გამოწვევაა ისიც, რომ ზამთრის თვეებში მთელი რესურსი ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებაზე მიდის.

„ტექნიკური მდგომარეობის თვალსაზრისით, კაშხალი და სამანქანო დარბაზიც მეტ-ნაკლებად წესრიგშია. თუმცა, ამხელა ობიექტს, ამ უზარმაზარ საწარმოს, რასაკვირველია, გაცილებით მეტი სჭირდება რეაბილიტაციისათვის და მეტი სჭირდება საოპერაციო ხარჯები, ვიდრე სხვას. მაგრამ აქ არის სხვა პრობლემა - რაზეც ძალიან მწარედ წერენ ხოლმე: ფაქტობრივად, რომ გადახედოთ სტატისტიკას, ნოემბრიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე და მარტის ბოლომდე, ენგური არასოდეს ყოფილა ჩვენი. ვგულისხმობ იმას, რომ მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი ძალიან მცირე იყო ჩვენი სისტემის გამომუშავებაში და ძირითადად, ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარებას ეფუძნებოდა. ეს სერიოზული პრობლემაა. იანვარ-თებერვალში ენგურჰესი ფაქტობრივად მხოლოდ ჩამონადენზე მუშაობს და გამომუშავება სულ რაღაც 200 მილიონი კვტ/სთ-ია. ეს არ არის საქართველოს ელექტროსისტემისათვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ციფრი, თუმცა აფხაზეთს მეტ-ნაკლებად ჰყოფნის.“

რაც შეეხება 40/60-ზე შეთანხმებას. გია არაბიძე განმარტავს, რომ დადგენილი პროპორცია მხოლოდ წლიურ ჭრილში სრულდება და არა ყოველთვიურად.

„ყოველთვიურად რომ 60-40-ზე მუშაობდეს, ეს იქნება რეალური ვარიანტი, მაგრამ ვერ ხერხდება. თუმცა, როდესაც მარტიდან ივლისის ჩათვლით პერიოდს ავიღებთ, როცა ენგურის გამომუშავება 800-1000 მეგავატია და ეს ენერგია საქართველოს ხმარდება ან ექსპორტზე გადის, წლიურად რომ დავაჯამებთ, 50-50-ზე ან 40-60-ზე მაინც რჩება. პიკურ პერიოდში (ზამთარში) კი პირიქით არის - გამომუშავებული ენერგიის 70-80% აფხაზეთია, დანარჩენი ჩვენი, მაგრამ ეს რაოდენობრივადაც მცირეა, რადგან ამ დროს ენგურში წყალი უბრალოდ არ გვაქვს“, - აცხადებს გია არაბიძე BMG-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები