ეჭვები „ენგურჰესის“ აგრეგატების შესაძლო გაუმართაობასთან დაკავშირებით არ დადასტურდა - ამის შესახებ BMG-სთან „ენგურჰესის“ ტექნიკური დირექტორი გია ხუბუა აცხადებს. მისი თქმით, ჩატარებულმა ტესტირებამ დაადასტურა, რომ პრობლემა არა უშუალოდ ჰესის აგრეგატებს, არამედ სისტემურ ავტომატიკას უკავშირდება.
„ტესტირებამ აჩვენა ის, რომ რაც ენგურჰესის აგრეგატებზე იყო ეჭვი, არ დადასტურდა. აგრეგატები არაფერ შუაში არ არის და არცერთი აგრეგატი დაზიანებული არ არის - ყველა მუშაობს. საერთოდ, ორი წელია, "ენგურჰესის" აგრეგატი ავარიულად ან რაღაც დაზიანების გამო არ გამორთულა, არ ყოფილა ასეთი შემთხვევა.
თუმცა სისტემა არის ერთიანი - გენერაციაც, გადაცემაც და ყველაფერი ერთმანეთშია გადაჯაჭვული. ალბათ, საბოლოო დასკვნები გაკეთდება და ყველანი გავიგებთ, რაში მდგომარეობს პრობლემა“, - აცხადებს გია გუბუა BMG-სთან.
მისივე განმარტებით, სისტემის დაშლა (ე.წ. Blackout) კომპლექსური პრობლემაა, რომელიც ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის მუშაობას უკავშირდება. ხუბუა იხსენებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში „სისტემის დაშლის“ მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო ორ კვირაში კი მსგავსი ფაქტი რამდენჯერმე განმეორდა.
„სისტემური ავტომატიკა ფართო საკითხია და ამის შეფასება მე ძალიან გამიჭირდება. რა თქმა უნდა, რაღაცა უნდა შეიცვალოს და გამოჩნდება ეს. ფაქტია, რომ რაღაცა ისე არ არის, როგორც ადრე - რაღაცა შეიცვალა და დაირღვა მთელი 10 წლის შემდეგ. ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო სისტემის დაშლის და ახლაც, რაღაც მოხდა პირველ ორ შემთხვევაში. მესამე ტესტირება იყო და ცოტა სხვა სიტუაცია - ტესტირებისას, როდესაც სისტემაში გარკვეული პარამეტრები შევცვალეთ და ოდნავ გავაძლიერეთ, მოჰყვა რეზონანსივით რაღაც და დაიშალა სისტემა.
ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკაშია გაუმართაობა, თუმცა სისტემის მდგრადობის საკითხები ურთულესია. ავტომატიკა ისე უნდა არეგულირებდეს პროცესებს, რომ ასეთი შემთხვევების დროს სისტემა მთლიანად არ იშლებოდეს", - აცხადებს გია ხუბუა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისში მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა, სადაც სპეციალისტები ტესტირების შედეგებს დეტალურად განიხილავენ. გია ხუბუას თქმით, საბოლოო დასკვნა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მონაცემები სრულად გაანალიზდება და დადგინდება, თუ რატომ ვერ უზრუნველყო ავტომატიკამ სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება.
საქართველოში ბოლო ორ კვირაში მასშტაბური ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები უკვე მესამედ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა, რის გამოც, გაჩერდა თბილისის მეტრო და საქართველოს რკინიგზა, ხოლო GWP-ის სატუმბო სადგურის გათიშვამ მოსახლეობის ნაწილისთვის წყლის მიწოდების დროებითი შეწყვეტა გამოიწვია. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 6 აგვისტოსაც. სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს გათიშვა ტესტირების პროცესს უკავშირდებოდა, რომლის მიზანიც სწორედ 24-25 ივლისს მომხდარი ავარიული გათიშვების მიზეზების დადგენა იყო. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ავარიის დროს თითქმის ყველა ძირითადი გადამცემი ხაზის მაჩვენებელი „განულებული“ იყო.
24-25 ივლისის ე.წ. ბლექაუთების მიზეზების დადგენაზე ამ დრომდე მუშაობენ როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი შვებულებაში გავიდა, მის მოვალეობას კი დავით ვარდიაშვილი ასრულებს, რომელიც უწყებაში ივლისის გათიშვების შემდეგ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ გადავიდა.




























