„ენგურჰესმა“ სოფელ რეჩხის ტერიტორიაზე დასახლება საბერიოს სასმელი წყლის, ჰესის ხანძარქრობისა და ქიმიური ლაბორატორიის წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის 630 გრძივი მეტრის მონაკვეთის გამოცვლის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 380 000 ლარს შეადგენს.
ტენდერი 2026 წლის 16 ოქტომბერს გამოცხადდა. სატენდერო წინადადებების მიღება 6 ნოემბერს დაიწყება და 11 ნოემბერს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სამუშაოების შესრულების ადგილია აფხაზეთი, გალის რაიონი, სოფელი რეჩხი და დასახლება საბერიო.
ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში უნდა შესრულდეს სამუშაოები.
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს წყალსადენი მაგისტრალების გამოცვლის გამოცდილება (ერთ ხელშეკრულებაზე არანაკლებ 100 000 ლარის ღირებულების), შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (პოლიეთილენის მილების შედუღების აპარატი, ექსკავატორ-დამტვირთავი, თვითმცლელი სატვირთო) და კვალიფიციური პერსონალი.
შემსყიდველი ორგანიზაცია მიმწოდებელს შუამდგომლობას გაუწევს შესაბამის სამინისტროში ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვების მისაღებად, თუმცა აღნიშნავს, რომ ნებართვების მოპოვების გარანტიას ვერ იძლევა.
























