ეკონომიკის სამინისტროში სახელმწიფო კომპანია „ენგურჰესში“ რეორგანიზაციას ადასტურებენ, თუმცა 400-500 ადამიანის შესაძლო გათავისუფლებას - არა.
საქმე ის არის, რომ „ენგურჰესიდან“, რომლის 100%-იანი მფლობელი ეკონომიკის სამინისტროა 400-დან 500-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებენ“ - აღნიშნული ინფორმაცია BMG-ის სახელმწიფო კომპანიაში დასაქმებულმა რამდენიმე ადამიანმა მიაწოდა. მათი ინფორმაციით, რეორგანიზაცია, ძირითადად, იმ ადამიანებს შეეხებათ, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრობენ. „ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასაქმებული თითოეული ქართველი წარმოადგენს არა მხოლოდ თანამშრომელს, არამედ სახელმწიფოს ტერიტორიული ერთიანობის ერთადერთ იმედსა და სიმბოლოს“, - აცხადებენ ისინი და სახელმწიფოს აღნიშნულის გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ენერგეტიკის დარგის კურატორი ინგა ფხალაძე BMG-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რეორგანიზაციის მიზანი სახელმწიფო საწარმოს ეფექტიანობის გაზრდა და კადრების განახლებაა. მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც რეორგანიზაციის შედეგად სამსახურის დატოვება მოუწევთ, სახელმწიფო არ დატოვებს.
ინტერვიუ ინგა ფხალაძესთან:
- ქალბატონო ინგა, BMG-ის "ენგურჰესიდან" თანამშრომლები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სახელმწიფო საწარმოში საკმაოდ დიდი რეორგანიზაცია დაანონსდა - 400-დან 500-მდე ადამიანის გათავისუფლება იგეგმება, რის გამოც დასაქმებულები ძალიან შეშფოთებულები არიან. თუ ფლობთ „ენგურჰესში“ რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას?
- საქმე ისაა, რომ რეორგანიზაცია ახლა კი არ დაიწყო, დიდი ხანია დაწყებულია - ზაფხულიდან და ნელ-ნელა მიმდინარეობს. რასაკვირველია, კადრების გადაწყობა-გადმოწყობა ხდება. ისინი, ვინც საპენსიო ასაკს გასცდნენ დროა, რომ ახალგაზრდებით ჩანაცვლდნენ. მგონი, ახლა ამაში უცნაური არაფერია. ჩვენი მიდგომაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, ისეთი კადრები, ვინც გვჭირდება, თუნდაც იგივე 80 წლის ასაკისაც, მაგრამ, რასაკვირველია, რეორგანიზაცია ახალგაზრდების დატვირთვას გულისხმობს - უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ ახალგაზრდებსაც. გარდა ამისა, შემცირდება ის კადრები, რომლებიც რაღაც მომენტში შეიძლება აღარ არიან საჭირო.
- დაახლოებით, რამდენი ადამიანის გათავისუფლებას ითვალისწინებს რეორგანიზაციის პროცესი - ასაკობრივი ფაქტორით თუ სხვა მიზეზით?
- ასე ვერ გეტყვით, რამდენის გათავისუფლება მოხდება. იქ განხილვა მიდის, ყველაფრის შეფასება და სპეციალურად გამოყოფილი თარიღები და რაოდენობაა. აქ მხოლოდ ასაკი არ არის, იქ ისეთებიც არიან, რომელიც ფიზიკურად უკვე ვეღარც დადიან ანუ რამდენიმე ისეთი თანამშრომელი იყო, რომელიც საპენსიო ასაკსაც გადასცდა...
- თუ გაიცა მათზე კომპენსაციები და თუ ითვალისწინებს კომპენსაციას რეორგანიზაცია?
- რასაკვირველია. არამხოლოდ აქ, არამედ ჩვენს ყველა საწარმოში რეორგანიზაციას კომპენსაცია მოჰყვება, რაც საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
- საქმე ის არის, რომ როგორც „ენგურჰესის“ თანამშრომლები გვეუბნებიან, კომპანიაში ახალი ფინანსური დირექტორი ირაკლი ინაშვილი დაინიშნა, რომელმაც მათ საკუთარი ნებით განცხადებების დაწერის ვადა აპრილის ბოლომდე მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპენსაციასაც ვერ მიიღებენ...
- ეს გამორიცხულია. ვიღაცები რაღაცებს შეიძლება საუბრობენ და ამბობენ, მაგრამ ასე არ ხდება. აქ ჩვეულებრივი საწარმოა, რომელიც ყველა ნაბიჯს კანონის მიხედვით ახორციელებს. როგორც არის დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით, ისე მოხდება ყველაფერი. ყველას თავის კომპენსაცია ექნება, ზოგი დაწინაურდება კიდევაც. ეს დიდი პროცესია, თქვენ ალბათ ისიც იცით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი მუშაობს.
- დიახ, როგორც ფინანსურ ანგარიშგებაში ვნახეთ, 1 100 ადამიანი...
- დიახ, ძალიან ბევრნი არიან. პროცესიც ძალიან დიდ ძალისხმევას და დროს მოითხოვს. შესაბამისად, ერთ-ორ დღეში ასეთი რაღაცების დადგენა და გაკეთება არ ხდება.
- და რეორგანიზაციის მიზანიც ალბათ მეტი ეფექტიანობაა...
- რა თქმა უნდა!
- სახელმწიფო საწარმოები, სამწუხაროდ, ცნობილნი არიან, როგორც საჭიროების გარეშე დასაქმების წყარო...
- ვერ მივხვდი...
- ანუ როგორც დასაქმების ისეთი წყარო, სადაც შეიძლება დასაქმებული იყო საქმეს არ აკეთებდე. ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ იმაზე მეტი ადამიანია სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებული, ვიდრე უნდა იყოს...
- რეორგანიზაცია სწორედ ამას ემსახურება და მაგიტომაც ტარდება, რომ ასეთი რამე არ მოხდეს და სახელმწიფო თანხები რაციონალურად მოიხმარებოდეს და პროფესიონალები საქმდებოდნენ. ეს არის მთელი მოტივაცია.
- ეს ადამიანები ამბობენ, რომ ენგურჰესი ჩვეულებრივი საწარმო არ არის...
- ნამდვილად.
- ის ერთადერთი, ბოლო ქართული ინსტიტუციური ყოფაა აფხაზეთის ტერიტორიაზე და ადამიანების უმრავლესობა, ვინც „ენგურჰესში“ მუშაობს, გალის რაიონიდან არიან. მათი თქმით, ეს მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლება არ არის. იქ ადგილზე დასაქმების სხვა წყარო ნაკლებადაა და ამბობენ, რომ იქაურობის მიტოვება მოუწევთ. ამასთან, ენგურჰესში დასაქმებულებს გადაადგილების მხრივაც უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდათ... ეს კომპონენტი თუ არის გათვალისწინებული, ვგულისხმობ „ენგურჰესის“ სპეციფიკურობას, რომ საწარმო ნაწილობრივ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა?
- რასაკვირველია, ეს იყო ყოველთვის გათვალისწინებული და ამას ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა. ახლაც ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, არ შეიძლება, ამდენი წელი ფაქტობრივად, დოტაციაზე იყო. ახლა სამსახურში ახალგაზრდების მოზიდვას, ჩართვას და ინტეგრაციას ვაპირებთ. აქ სულ სხვა პროცესები მიმდინარეობს. მე არ ვიცი, თქვენ ვინ რა გითხრათ, მაგრამ საწარმოს პროცესების განახლება იმას გულისხმობს, რომ ის, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მხარეს არის შევინარჩუნოთ, ოღონდ ცოტა სხვანაირად. პროცესში შეიძლება სხვა უწყებები ჩავრთოთ, რომლებიც მოსახლეობაზე უფრო მეტად იზრუნებენ...
- ანუ რეორგანიზაცია ამ კომპონენტსაც ითვალისწინებს?
- ძალიან დიდ პროცესებთან გვაქვს საქმე და ძალიან სერიოზულია. ეს ძალიან სენსიტიური საკითხია. ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვანაირი ფონი შექმნას ცდილობენ. ასე რომ, გარწმუნებთ, რომ რეორგანიზაცია ყველაფერს ითვალისწინებს: დავის კომპენსაციას, მიხედვას, დაწინაურებას, ახალგაზრდების ჩართვას და ასე შემდეგ.
- თუმცა, ალბათ, რეორგანიზაცია რადგან არის, საკადრო ოპტიმიზაციას ვერ აიცილებთ - ჩვენი ინფორმაციით, 400-დან 500-მდე ადამიანის გაშვება იგეგმება და ამ ადამიანებს როგორ დაეხმარებით?
- ვინ გითხრათ 400-დან 500-მდე, როგორ შეიძლება ასე თქმა?!
- რამდენიმე დასაქმებული დაგვიკავშირდა... მათი თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაითვალისწინოს, რომ „ენგურჰესი“ არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი საწარმო, აქ დასაქმებულთა 90%-ს საბანკო ვალდებულებები აქვს, ამ ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნეს აქ ქართული ენა... და თუ ამ ადამიანებს იქ შემოსავლის წყარო არ ექნებათ, შესაძლოა, იქ ვეღარ დარჩნენ და სოფლები ქართველებისგან დაიცლება...
- გეთანხმებით სრულად - არსებობს ქართული ენა და ხალხი, რომლებიც ერთმანეთს ეკონტაქტებიან ჩვენს მშობლიურ ენაზე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და ამის ტრადიციები, პირდაპირ გეუბნებით, შენარჩუნდება; თუმცა არ შეიძლება, ამის ელექტროენერგიის გადასახადს ტარიფით ვიხდიდეთ. ამისთვის არსებობს სხვა უწყებები, რომლებთანაც ვმუშაობთ და რომელთა გათვალისწინებითაც ამ ყველაფერს მივხედავთ. ყველა დეტალი იქნება გააზრებული და შეფასებული. ეს ჩემთვის პატივია, რომ ეს საკითხი ისე გაკეთდეს, რომ ჩვენი ქართული სული იგრძნობოდეს იქ.
BMG-მ "ენგურჰესში" მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შპს "ენგურჰესს" და ეკონომიკის სამინისტროს კონკრეტული კითხვებით წერილობითაც მიმართა და პასუხებს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.




























