მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენგურჰესზე“ გაუმართაობის მიზეზი გამოვლენილია“ – „ჩერნომორენერგოს“ გენდირექტორი

თემურ ჯინჯოლია

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის გამანაწილებელ ოპერატორ „ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორის განცხადებით, „ენგურჰესზე“ გაუმართაობის მიზეზი გამოვლენილია და ავტომატიკის სისტემასა და ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკაში ამ შეცდომის გამოსწორებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ თემურ ჯინჯოლიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქმე ის არის, რომ 24-25 ივლისსა და 6 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით დენის სისტემური გათიშვის დროს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ოკუპირებულ აფხაზეთსაც, რომელიც ენგურჰესიდან მარაგდება.

თემურ ჯინჯოლიას ინფორმაციით, 24-25 ივლისს ელექტროენერგიის სისტემური გათიშვის შემდეგ „ენგურჰესზე“ ჩეხი და გერმანელი სპეციალისტები მუშაობდნენ.

„ორი მასშტაბური გათიშვის შემდეგ, ენგურჰესმა ჩეხეთიდან და გერმანიიდან კონტრაქტორები მოიწვია, რომლებიც ავარიის საწინააღმდეგო თავდაცვით სისტემას აწესრიგებდნენ. გუშინ, ჩემი ინფორმაციით, ისინი ატარებდნენ ტესტებს გაუმართაობის გამოსავლენად. შედეგად, ამუშავდა ავარიისწინააღმდეგო ავტომატიკა, რის გამოც ენგურჰესის ყველა გენერატორი ენერგოსისტემას გამოეთიშა და ელექტროენერგია გაითიშა. დღეისთვის, გაუმართაობის მიზეზი გამოვლენილია. ენგურჰესზე ავტომატიკის სისტემასა და ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკაში ამ შეცდომის გამოსწორების სამუშაოები დაიწყეს. ვფიქრობ, ამ მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ ასეთი შემთხვევები, ვიმედოვნებ, რომ აღარ განმეორდება.

ელექტროენერგიის სისტემური გათიშვა ჩვენგან სრულიად დამოუკიდებელი გარემოებებით მოხდა, რამეთუ „ჩერნომორენერგო“ ენგურჰესის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებს. სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა თემურ ჯინჯოლიამ.

საქართველოში ბოლო ორ კვირაში მასშტაბური ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები უკვე მესამედ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა, რის გამოც, გაჩერდა თბილისის მეტრო და საქართველოს რკინიგზა, ხოლო GWP-ის სატუმბო სადგურის გათიშვამ მოსახლეობის ნაწილისთვის წყლის მიწოდების დროებითი შეწყვეტა გამოიწვია. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 6 აგვისტოსაც. სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს გათიშვა ტესტირების პროცესს უკავშირდებოდა, რომლის მიზანიც სწორედ 24-25 ივლისს მომხდარი ავარიული გათიშვების მიზეზების დადგენა იყო. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ავარიის დროს თითქმის ყველა ძირითადი გადამცემი ხაზის მაჩვენებელი „განულებული“ იყო.

24-25 ივლისის ე.წ. ბლექაუთების მიზეზების დადგენაზე ამ დრომდე მუშაობენ როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი შვებულებაში გავიდა, მის მოვალეობას კი დავით ვარდიაშვილი ასრულებს, რომელიც უწყებაში ივლისის გათიშვების შემდეგ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ გადავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები