მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენგური ატრაქციამ“ ჯამში 100 000-მდე სტუმარს უმასპინძლა

ენგური

ენგურჰესის კაშხალმა, მას შემდეგ, რაც 2022 წლის მაისიდან ვიზიტორების მიღება დაიწყო, 100 000-მდე ადამიანს უმასპინძლა. ამის შესახებ BM.GE-ს „ენგური ატრაქციის“ დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა. როგორც ანთიძე აღნიშნავს, ენგურზე, როგორც ტურისტულ ობიექტზე, მოთხოვნა მზარდია და აღნიშნული ტენდენცია მიმდინარე წელსაც შეინიშნება.

მისივე ინფორმაციით, საზოგადოებისგან მათ ატრაქციაზე ძალიან დიდი ინტერესია წამოსული და კონკრეტულად მის სანახავად უკვე ტურებსაც კი გეგმავენ.

კომპანიამ გასულ წელს კინოთეატრი დაამატა, სადაც კაშხალთან დაკავშირებული 9-წუთიანი ისტორიული ფილმი გადის, ამასთან მულტიპლიკაციური ფილმიც, თუ როგორ მუშაობს ენგურჰესი.

„ჩვენი სტუმრები ყველა ის ადამიანი არიან, რომლებიც სვანეთს სტუმრობენ. მათ შორის, ყველაზე აქტიურად ტურისტები გვსტუმრობენ, თუმცა ქართველებიც ამ კუთხით ძალიან აქტიურები არიან.

ენგურის ატრაქციის მოსანახულებლად უკვე სპეციალური ტურებიც კი იგეგმება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ჩვენი მიზანია, რომ არა მხოლოდ სვანეთისკენ მიმავალ გზას მიბმული სანახაობა, არამედ ამ რეგიონის ტურისტული ჰაბი გავხდეთ, რაც ნაწილობრივ გამოგვივიდა კიდეც,“-აცხადებს ანთიძე.

მისი ინფორმაციით, ამ დრომდე ფასების კორექტირება არ მომხდარა და კვლავ ძველი ფასებით ოპერირებენ.

კერძოდ, საფეხმავლო ტური, რომელიც კაშხალზე გადახედვასა და კინოთეატრის სივრცის დათვალიერებას მოიცავს, მისი 4 ლარი ღირს. მოკლე ტური გიდის დახმარებით, რომელიც ავტობუსით კაშხალზე გადასვლას გულისხმობს, მისი ფასი 10 ლარია, ხოლო სრული ტურის ღირებულება 30 ლარითაა განსაზღვრული, რომელიც, დაახლოებით, 2.5 საათი გრძელდება და აბსოლუტურად ყველა ინფრასტრუქტურის დათვალიერებას, მათ შორის კაშხლის შიგნით საგვირაბე სისტემებსაც მოიცავს.

შეგახსენებთ, ენგურჰესის კაშხალზე „მსოფლიო დონის ატრაქციის“ პროექტი 2018 წელს შეიქმნა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გადასახედი მოედნების, საბაგიროების, საკონცერტო სივრცისა და სხვა ატრაქციების მოწყობას ითვალისწინებს. კაშხალზე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე პასუხისმგებელი კომპანია „ენგური ატრაქციაა“, რომელიც 2022 წელს შპს „ენგურჰესის“ დაქვემდებარებაში გადავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები