მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივა“

63da356842214
BM.GE
01.02.23 13:44
777
„ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით 3-დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტში აქტიურად მონაწილეობენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, შპს „ენგურჰესის“, ენერგეტიკული ბირჟის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ენგურის აუზში ოპერირებაში მყოფი ჰესების, ასევე ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის და სხვა კერძო, საჯარო სუბიექტების გაერთიანების წარმომადგენლები.

„პროექტის განხორციელების შემდეგ, ქვეყანას ექნება ინსტრუმენტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ავტომატურ რეჟიმში მოვახდინოთ ენგურის აუზის მდინარეებზე წყლის შემოდინების, ნალექებისა და სხვა მეტეოროლოგიური მონაცემების შეგროვება და ანალიზი. პროგრამის ფარგლებში მოხდება ამ მონაცემების კონსოლიდაცია ერთ სივრცეში და თანამედროვე, ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საჭირო სტატისტიკური ბაზის შექმნა“, - აცხადებს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი, ჯაბა ხმალაძე.

ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივა ეს არის ინვესტიცია, ჩადებული როგორც ახალი მეტეოროლოგიური და ჰიდრომეტრიული საზომი სადგურების დამონტაჟებაში, ასევე რეალურ დროში მათემატიკურ მოდელირებაში, რომლებიც ეფექტიანად გამოიყენებენ შეგროვებულ მონაცემებს. ეს უზრუნველყოფს მდინარე ენგურის აუზის თანამედროვე დონეზე მართვისთვის საჭირო საბაზისო ინსტრუმენტებს, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს წყალდიდობისგან უკეთეს დაცვას და ენერგიის წარმოების დაგეგმვისა და საიმედოობის გაუმჯობესებას.

მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის დავით მირცხულავას განცხადებით: „ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივა- პროექტის ფარგლებში გაზრდილი იქნება ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების მოპოვების შესაძლებლობები და გამოვლინდება მათი გაუმჯობესების გზები; შემუშავდება ჰიდროლოგიური მოდელები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ისეთი გამოწვევების მოგვარებას, როგორიცაა უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება ან ნალექი.

დარწმუნებული ვარ, მონაცემთა ბაზების შექმნით, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვითა, და ოპერატიული სისტემების შექმნით შესაძლებელი გახდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, როგორიცაა ჰიდროლოგიური პროგნოზირება, ჰიდროენერგეტიკის წარმოების ოპტიმიზაცია, რაც უზრუნველყოფს სამუშაოს უწყვეტობას“.

პროექტის ფარგლებში შემუშავებულ ჰიდროლოგიურ მოდელს დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც ზოგადად ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისათვის, ასევე ენგურის აუზში არსებული ჰიდროსადგურების გამომუშავების დაგეგმვისათვის, წლის სხვადასხვა პერიოდის გენერაციის პროგნოზისათვის, ენგურჰესისა და მომავალში მდინარე ენგურის აუზის სხვა საპროექტო წყალსაცავებში ხელმისაწვდომი მარაგების მონიტორინგისათვის.

„ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი, რომელიც შედგება ეროვნული და საერთაშორისო სპეციალისტების კონსორციუმისაგან. გუნდის ლიდერია შპს „გრუნერი შტუკი“, რომელიც სპეციალიზებულია ჰიდროენერგეტიკის სფეროში და საქართველოში ორ ათწლეულზე მეტია საქმიანობს. ასევე, გუნდის სხვა ცნობილი წევრები არიან: შვედეთის მეტეოროლოგიისა და ჰიდროლოგიის ინსტიტუტი (SMHI), რომელიც საქმიანობს ჰიდროლოგიის, მეტეოროლოგიისა და კლიმატის ცვლილებების სფეროში, ასევე სდ სტრატეგიები (SD Strategies), გერმანული ინოვაციური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მდგრად განვითარებაში, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედებებში. პროექტის განხორციელებაში ასევე აქტიურად არიან ჩართულები ენერგეტიკის, ჰიდროლოგიის და კლიმატის ადგილობრივი ექსპერტები“, - აღნიშნა ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის პროექტის მენეჯერმა გრუნერ შტუკიდან სებასტიან მიშლუმ.

ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივა ორწლიანი პროექტია, რომელიც 2021 წელს დაიწყო. პროექტს აფინანსებს ავსტრიის მთავრობა (Drive Fund) არაანაზღაურებადი დახმარების (გრანტი) სახით საქართველოსთვის, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). პროექტი წარმოადგენს ჩვენი ევროპელი დონორების კიდევ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან დახმარებას, რადგანაც წყლის რესურსების სწორად მართვისა და გამოყენების თვალსაზრისით, მდინარე ენგურს და მის ჰიდროპოტენციალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავალი მდგრადი განვითარებისთვის.


NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები