მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ENKA-ს მეტი მოქნილობა რომ გამოეჩინა, შეიძლებოდა, დღეს სხვა სურათი ყოფილიყო - თურნავა

61e6a3135e352
ინგა მურუსიძე
18.01.22 15:28
1104
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ როცა საუბარია ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ნამახვანჰესის პროექტი არის და რჩება საქართველოსთვის სტრატეგიულ პროექტად, სხვა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტთან ერთად. ასე უპასუხა თურნავამ BM.GE-ს კითხვას - რა ეტაპზეა $800-მილიონიან "ნამახვანჰესის" პროექტის ინვესტორ კომპანია ENKA-სთან ურთიერთობა.

„მე მინდა განვაცალკევო ინვესტორთან ჩამოყალიბებული ურთიერთობა და "ნამახვანჰესის" პროექტის მნიშვნელობა. როგორც არ უნდა დასრულდეს ჩვენი ურთიერთობა ინვესტორთან <ENKA>, პროექტი უნდა განხორციელდეს და ეს არის ჩვენი ურყევი ნება, შეიძლება განხორციელდეს მთავრობის მეტი ჩართულობით, ეს მნიშვნელოვანი პროექტი მაინც განხორციელდება", - განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება ENKA-ს, ეკონომიკის მინისტრის თქმით, საარბიტრაჟო დავა დაწყებული არ არის და საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ დავა არბიტრაჟამდე არ მივა.

„ეს არის ჩვენი სურვილი და ამაზე მიდის მოლაპარაკება, რომ თუნდაც დატოვება მოუწიოს კომპანიას ამ პროექტის, რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს არ იყოს დამაზიანებელი არც პროექტისთვის და არც ქვეყნისთვის. რასაკვირველია, ინვესტორმა გარკვეული ინვესტიციები გაწია; ვფიქრობ, ინვესტორს თავის დროზე მეტი მოქნილობა რომ გამოეჩინა და მეტად ემუშავა მოსახლეობასთან, არ დაეკარგა გარკვეული დრო, დღეს შეიძლებოდა, სულ სხვა სურათი ყოფილიყო, მაგრამ ვართ იქ, სადაც ვართ. ჩვენი ამოცანაა, რომ მნიშვნელოვანი პროექტი არ დადგეს დარტყმის ქვეშ. მთავარი გაკვეთილი, რაც აქედან გამოვიტანეთ, იყო ის, რომ სახელმწიფოს როლი მასში და მსგავს მსხვილ სტრატეგიულ ენერგეტიკულ პროექტებში უნდა გაიზარდოს“, - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, კომპანია ENKA-მ გასული წლის სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები