მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ENPARD-ის პროგრამით EU საქართველოში სოფლის განვითარებას €234.5 მილიონით დაეხმარა

ევროკავშირი საქართველო

ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში EU საქართველოში სოფლის განვითარებას 234.5 მლნ ევროთი დაეხმარა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანახმად, ათწლეულზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველო ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციისა და სოფლის თემების მხარდაჭერის საკითხებში, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) საშუალებით.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის დახმარება ხელს უწყობს:

  • სექტორისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას 2025 წელს 3%-მდე 2012 წლის 1,5%-დან;
  • საქართველოს ევროკავშირის სურსათის უვნებლობისა და სანიტარული ნორმების შესაბამისობაში მოყვანას;
  • სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ზრდას (მათ შორის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა);
  • 2005 წლიდან 60-ზე მეტი გეოგრაფიული აღნიშვნის (ადგილწარმოშობის დასახელების) აღიარებას საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ავთენტურობის წარმოსაჩენად;
  • საკვებით გამოწვეული დაავადებების შემცირებას და საქართველოში მომხმარებლების დაცვას;
  • EU LEADER მოდელის დანერგვას, რომელიც სოფლის თემებში ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების შესაძლებლობებს აძლიერებს;
  • საქართველოს სოფლის თემებში მცხოვრებთა 38%-ისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.

"ამჟამად ევროკავშირი აგრძელებს 18 მილიონი ევროს ინვესტირებას მდგრად ირიგაციით უზრუნველყოფილ სოფლის მეურნეობის სფეროში, 18,000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის აღსადგენად, რაც ეხმარება ფერმერებს წყლის გამოყენების ეფექტიანობის გაუმჯობესებაში, ნიადაგის დაცვასა და აგროეკოსისტემის ბიომრავალფეროვნების გაძლიერებაში. ENPARD-ს მოჰყვება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, სოფლის განვითარებისა და მდგრადი სასურსათო სისტემების მხარდამჭერი ახალი პროგრამა.

ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს სოფლის თემებს და უფრო მდგრადი, თანამედროვე და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო სექტორის ჩამოყალიბებას უჭერს მხარს",- აღნიშნულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები